ყველა ხედავს, რომ პუტინი რუსეთისთვის წამგებიანი ფიგურაა - ძალიან დიდი ხანი იყო მოსაზრება, რომ ხერსონი გამოიწვევდა შიდა დაპირისპირებას, მცდელობას, რომ პუტინი მოეშორებინათ, განსაკუთრებით წარუმატებლობის ფონზე,- ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, როდესაც შეაფასა კრემლის განცხადება, რომ კიევმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ პუტინზე თავდასხმის ორგანიზება მოახერხოს.
„არსებობს მტრის სახე და მტრის სახის გაძლიერებას მოინდომებენ, აბა, ხომ არ იტყვიან, რომ ერთმანეთს დავერიეთ. არა მგონია უკრაინას ის პოტენციალი ჰქონდეს, რომ პუტინზე თავდასხმის ორგანიზება მოახერხონ. ყველა ხედავს, რომ პუტინი ახლა წამგებიანი ფიგურაა რუსეთისთვის, კეთროვანი ფიგურაა, ამის გამო, რუსეთს მომავალიც დაეკარგა და აწმყოც. ძალიან დიდი ხანი იყო მოსაზრება, რომ ხერსონი გამოიწვევდა შიდა დაპირისპირებას, მცდელობას, რომ პუტინი მოეშორებინათ, განსაკუთრებით წარუმატებლობის ფონზე“,- აღნიშნა ვახტანგ კაპანაძე.
ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს. „ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.