საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ცხრა ბიზნესასოციაციამ ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანმა ბიზნესასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, 9 ბიზნესასოციაცია ერთიანი მოთხოვნით უერთდება მოთხოვნას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსი საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„დღეს საქართველოში არსებულმა 9 ბიზნესასოციაციამ განცხადებას ხელი მოაწერა, რომელიც ბიზნესასოციაციის ერთიან ხმას წარმოადგენს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხება. ჩვენ 9 ბიზნესასოციაცია ერთიანი მოთხოვნით ვუერთდებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი განცხადება ბრიუსელში და ჩვენს მთავრობასთან გაიგზავნება. ტექსტში ასახულია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ეს არის პოლიტიკური და მნიშვნელოვანი აქტი. კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია ბიზნესის შემდეგი განვითარებისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის. არა მარტო ეს 12 პუნქტი, ზოგადად ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირის სივრცეს ეხება, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შესრულდეს. მოცემულობა ნამდვილად მარტივი არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად ხალხის ნება უნდა აღასრულოს. ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომ ევროპული დიდი ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ხალხის მიერ დაქირავებულმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, განურჩევლად მიმართულებისა ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ამ განცხადებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისათვის, რომ საქართველოს სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყოს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ძალიან აქტიური სამუშაო უნდა ჩატარდეს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სპექტრში. საქართველოში 9 მოწინავე ორგანიზაცია შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ ჩვენი ოჯახი არის ევროპა. ამისათვის, ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა უნდა შესრულდეს. განურჩევლად იმისა, რომელ მიმართულებაში არიან, რომელ პარტიაში არიან, მთავრობაა თუ ოპოზიცია, ეკონომიკური მიმართულებით არიან, თუ სხვა მიმართულებით, მთლიანი კონსოლიდირებული ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს და ქვეყანამ ეს სტატუსი უნდა მიიღოს“, - განაცხადა სილაგავამ.
ხელმოწერის შემდგომ მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ბიზნესის პერსპექტივიდან“ გაიმართა, რომელზეც განხილული იყო, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყნისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიღების პერსპექტივები. ასევე, მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასოცირების შეთანხმების/DCFTA - ს საკითხები განიხილეს. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა ბიზნეს ასოციაციებმა: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

























