ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა მკურნალობაზე, კალორაჟი შემცირდება და შერჩევით მოხდება საკვების მიღება

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა აღენიშნება და არ არის გასაკვირი, რომ ეს სამომავლოდაც გაგრძელდეს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს და საკმარისი რაოდენობის კალორაჟს არ იღებს.

"რაც შეეხება პაციენტს, რა თქმა უნდა, ზოგადი სისუსტე აქვს, თავბრუსხვევის შეგრძნება, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა და ეს არ არის გასაკვირი, ამას ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და თუ ასე გაგრძელდება, კიდევ მოსალოდნელია, რომ განმეორდეს, რადგან არ ხდება საკვების სრულფასოვნად მიღება. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა იმიტომ, რომ პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. ამაზე არაერთხელ განაცხადა ექიმმა, მორიგე ექიმმა და ყველამ, რომ უარს ამბობს სამკურნალო დანიშნულების შესრულებაზე. ასევე, კვების რაციონი - არაერთხელ გვქონდა საუბარი მასთან, ოჯახის წევრებთანაც, რომ მოტანილი საკვების რაციონი გაფართოებულიყო, მომატებულიყო კალორაჟი, მაგრამ არაფერი იცვლება, კალორაჟის შემცველობის მინიმალური რაოდენობაა დაახლოებით, 400 კილო კალორია, რომელიც ძალიან მცირე და არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას აქვს ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, ექნება წონასწორობის დაკარგვის მომენტებიც და ეს მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, პაციენტი იღებს მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა მძიმედ არ ითვლება. კვლევები დამოკიდებულია კლინიკურ მიმდინარეობაზე. თუ რაიმე კვლევა იქნება საჭირო და აუცილებელი, იმავე დღესვე კეთდება მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გუშინ მოწვეული გვყავდა რეაბილიტოლოგი და დავიწყეთ აუცილებელი პროცედურები, რაზეც პაციენტი დაგვთანხმდა და დაიწყო პროცედურები, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. იმედს ვიტოვებ, არ შეწყდება ეს პროცედურები და პაციენტი დანიშნულების სიას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

"ვივამედის" დირექტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს - მაია ვაწაძე.

„მესამე დღეა დაენიშნა ახალი ექიმი, რომელიც აგრძელებს მკურნალობის პროცესს. მკურნალი ექიმი არის მაია ვაწაძე. ამ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სხვადასხვა სახის გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა სამკურნალო დანიშნულებზე, კალორაჟი შემცირდება, შერჩევით მოხდება საკვების მიღება“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მორიგე ექიმმა მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვასთან დაკავშირებით გააკეთა ობიექტური შეფასება, რის შედეგად ექსპრეზიდენტმა მასთან მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„მორიგე ექიმმა გონების კარგვასთან დაკავშირებით გააკეთა ობიექტური შეფასება. ამ ობიექტური შეფასების შემდეგ, მორიგ ექიმი მიუღებელი აღმოჩნდა პაციენტისთვის, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად. ჩვენ ვართ ექიმები და ჩვენთვის მთავარი არის გავითვალისწინოთ პაციენტის ინტერესი. შევარჩიეთ სხვა ექიმები, რომლებიც მასთან მუშაობას აგრძელებენ. იმედია, პაციენტი ამ ყველაფერს მეტად გაითავისებს, დანიშნულებას შეასრულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი