ფინანსთა მინისტრი - აზიის განვითარების ბანკს ჯამში 4.5 მლრდ დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, საიდანაც 1.9 მლრდ დოლარის ინვესტიცია მიმდინარე პროექტებშია - მათ აქვთ გადაწყვეტილი, უფრო აქტიურები იყვნენ კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით

აზიის განვითარების ბანკს ჯამში 4.5 მლრდ დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, საიდანაც 1.9 მლრდ დოლარის ინვესტიცია მიმდინარე პროექტებშია - მათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ უფრო აქტიურები იყვნენ კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კორეაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის 56-ე ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, ბანკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო.

„მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როდესაც, ტრადიციულად, იმართება წლიური შეხვედრები. ასეთ დროს არის ორმხრივი შეხვედრები, რა თქმა უნდა, ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ შევხვდით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტებს, აღმასრულებელ დირექტორს, სადაც ცალსახად დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. აზიის განვითარების ბანკი ძალიან აქტიურია საქართველოში მათი ინვესტიციებით. სულ ჯამში 4.5 მლრდ დოლარის ინვესტიცია აქვს ბანკს გაკეთებული და აქედან 1.9 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის მიმდინარე პროექტებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენთვის აზიის განვითარების ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორია. მნიშვნელოვანია, ასევე ის, რომ [მათი ინვესტიციები] არ მოიცავს ერთ კონკრეტულ სექტორს. მათი პორტფელი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დივერსიფიცირებულია. დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, გაგრძელებული განათლების, ჯანდაცვის სექტორით, ენერგეტიკის სექტორით, სადაც პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში და ასევე დაფინანსების ნაწილშიც ძალიან აქტიურად არის ბანკი ჩართული. ბანკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი ახლა გადის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შიდა რესტრუქტურიზაციას და როგორც წინასწარაა გაცხადებული გეგმა, მათი ბიზნესმოდელი ძალიან ახლოს იქნება ყველა ქვეყანაში იმ ბიზნესმოდელთან, რა ბიზნესმოდელითაც საქართველოში მათი ოფისი ფუნქციონირებს. ამ ცვლილებების ძალიან დიდი ნაწილს საქართველოში არსებული ოფისი უკვე პასუხობს.

მათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ უფრო აქტიურები იყვნენ კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. არამხოლოდ სუვერენულ სახელმწიფო პროექტთან მიმართებით, არამედ კერძო სექტორთან მიმართებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ყოველთვის ასე იყო, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო კერძო სექტორი და ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ისინი ასევე შეხვდნენ ვიცე -პრემიერს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სადაც საუბარი საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე იყო.

„ეს ხელშეკრულება მიმდინარე პროცესშია. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება ეს პროცესი, რომ თავისუფალი ვაჭრობა კორეასა და საქართველოს შორის სწრაფად იქნას ხელმოწერილი. ამ მიმართულებით დადებითი და კარგი მოლოდინები გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება ეს პროცესი. ზოგადად, ბანკთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. საქართველო გახდა „აზიის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ქვეყანა, რომელსაც ვუხელმძღვანელებთ ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის თავზე, 2024 წლის მაისში ვუმასპინძლებთ უკვე წლიურ შეხვედრას საქართველოში. ეს დიდი ღონისძიებაა. ალბათ ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება, რაც საქართველოში ჩატარებულა. დაახლოებით, მოლოდინია, რომ 4-5 ათასი დელეგატი დაესწრება. ორჯერ დიდია „იბიარდის“ შეხვედრებზე. ამ დროს, როგორც წესი- ხოლმე, პარალელურად ბიზნესსესიებია. ბიზნესკომპანიებიც ჩამოდიან, ეწყობა შეხვედრები და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს ასეთი დიდი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. მოლოდინი და ინტერესი ძალიან დიდია და საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ“,- განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო