მალე იქამდე მივლენ, რომ მეზობელი მეზობელს მიჯნაზე რომ ედავება, გამოხტებიან და იტყვიან, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
როგორც ღუდუშაურმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საპარლამენტო საქმიანობა საგამოძიებო ფუნქციებით დატვირთვას არ გულისხმობს, ხოლო თუ ვინმე პარლამენტის წევრის მანდატის გამოსაყენებლად სივრცეს ვერ პოულობს და თავი კომფორტულად გამომძიებლის რანგში წარმოუდგენია, ეს მისი პრობლემაა.
„ქვეყანას საგამოძიებო უწყებები ჰყავს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობს და საქმის გამოძიება მათ უნდა მივანდოთ. საგამოძიებო მოქმედებას თავისი სტანდარტი აქვს. პროცესთან დაკავშირებულმა პირებმა არ უნდა იცოდნენ, არ უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და რისთვის. თუ ეს ყველაფერი საჯარო და ღია იქნება, ვისაც ეს ყველაფერი შეიძლება აწყობდეს, დავით კეზერაშვილია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა.