გენადი არველაძე - საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება

გენადი არველაძე - საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება

საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც არველაძემ აღნიშნა, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც.

„საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, ასევე დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრაზე კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან. მოგვიანებით კორეულმა მხარემ ამ საკითხს ხაზი სოციალურ ქსელშიც გაუსვა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე”, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელმძღვანელობს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე კორეის ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, მის ხელმძღვანელს ლაშა ხუციშვილს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის მომდევნო წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.