საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის მირიან კუკავას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მირიან კუკავასა და მისი მეგობრების - სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების ნამუშევრები. ასევე, წელს პირველად, მირიან კუკავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისი დის, ქეთი კუკავას ნახატებიც იქნა გამოფენილი.
გამოფენა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.
„წელს უკვე მეორედ, მირიანმა კვლავ შეგვკრიბა! ის არსად წასულა, კვლავ ჩვენ გვერდითაა! უკვე მეორედ ვიკრიბებით მირიანის ნამუშევრების გამოფენაზე მირიანის გარეშე და მისი განწყობა, სითბო და სიყვარული, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში გადაიტანა, გალერეა „უნივერსის“ კედლებიდან გვეუბნება - არა ძალადობას, არა სიცოცხლის ხელყოფას! სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი წავიდა ჩვენგან. წელს გამოფენაზე მირიანის და მისი მეგობრების ნახატების გვერდით წარმოდგენილია მირიანის დის, ძალიან ნიჭიერი ქეთი კუკავას ნახატები. ეს ერთგვარი სიმბოლოა და 28 ივლისის, როცა მირიანი მოკლეს, როგორც ტრაგიკული დღის, უარყოფა - სიცოცხლე გრძელდება! დღეს ჩვენს გვერდით არიან მირიანის დედა, ბებია, ძმა, თანაკლასელები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მათ მინდა ვუთხრა - მირიანის თანაკურსელები მალე დაასრულებენ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ერთად მომავალ წელს მირიანს არ გაიხსენებენ და ისევ არ გამოფენენ მირიანის ნახატების გვერდით თავიანთ ნამუშევრებს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით და ყოველთვის გავიხსენებთ ნიჭიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან ცხოვრების გზაზე თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, გამოფენზე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ინიციატივითა და სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მხარდაჭერით გაიმართა, წარმოდგენილი იყო სხავადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები და ფოტოები.
„შარშან, სასწავლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკლეს მირიან კუკავა და მისმა თანაკურსელებმა, დიზაინის საერთაშორისო სკოლის მესამეკურსელებმა, ფაკულტეტის ხელმძღვანელობის, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და ჩართულობით, სასწავლო წელი მირიანის ნამუშევრების გამოფენით დაიწყეს, ნიშნად იმისა, რომ მირიანი მათ გვერდით იქნებოდა სამუდამოდ. ერთი წლის შემდეგ, დღეს კი მირიანის მეგობრებმა გამოფენაზე ახალი ნამუშევრები წარმოადგინეს, სადაც ნათლად იკითხება მათი განცდები თანაკურსელის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს ანი ბასილაშვილს, ჯანო გაბრიჭიძეს, ერეკლე თაბაგარს, მარიამ ელოზაშვილს, სოფო აბეზარაშვილს, მაგდა ხუციას, საბა დარჩიას და ლიზა ხავთასს, ასევე ჩვენს კურსდამთავრებულს მადინა გასანოვას. ეს ახალგაზრდები რომ არა, მირიანის გამოფენა ასე მრავალფეროვანი, სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთილი არ იქნებოდა. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შედგა მირიანის საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული უმცროსი დის, ქეთის დებიუტი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მონაწილეს. წარმატების გზით ევლოთ!“ - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების კოორდინატორმა, გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ გაგნიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ მირიან კუკავას და მისი თანაკურსელების გამოფენა სამ დღეს გასტანს.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი მირიან კუკავა 2022 წლის ივლისში, ცხვარიჭამიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლა.