ანა ნაცვლიშვილი - გაჭიანურებული და არასწორად დაგეგმილი სასკოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ათასი მოსწავლე სკოლებში ვერ დადის - მოგებული ტენდერებიც შესაძლოა, კორუფციულ სქემაზე მიუთითებდეს

პარტია „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გაჭიანურებული და არასწორად დაგეგმილი სასკოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები სკოლებში ვერ დადიან.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სახელმწიფო არ ზრუნვას იმაზე, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად განხორციელდეს.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მოგებული ტენდერებიც შესაძლოა, კორუფციულ სქემაზე მიუთითებდეს.
„საქართველოში 21 ათასზე მეტი მოსწავლეა, რომელიც გაჭიანურებული და არასწორად დაგეგმილი სასკოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თავის სკოლაში ვერ დადის და იძულებულია სხვა სკოლაში იაროს, რაც პრობლემას წარმოადგენს იმ სხვა სკოლებისთვისაც. პრობლემა არის პედაგოგებისთვისაც იმიტომ, რომ მათ უწევთ საკუთარი საცხოვრებელი მისამართიდან საკმაოდ მოშორებით სხვა ფართში წარმართონ სასწავლო პროცესი. საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლაა, სადაც რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად, ჩავარდნილია“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ხშირად არასწორად ხდება კომპანიების შერჩევა და ამას წესიერად არავინ აკონტროლებს.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა კონკრეტულ კომპანიებს და ჩინოვნიკებს ხელს აძლევდეს ასეთი გაჭიანურებული პროცესი, არის სავარაუდო კორუფცია. მარტო თბილისის მასშტაბით სახელმწიფო იხდის 13 მილიონზე მეტს 2 სემესტრის განმავლობაში ბავშვების და მშობლების ტრანსპორტირებაში მაშინ, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად რომ მიმდინარეობდეს, ტრანსპორტირების თანხების აუცილებლობა ბიუჯეტიდან საერთოდ არ იქნებოდა. ისმის კითხვა, რატომ არ არის სახელმწიფო დაინტერესებული, რომ რეაბილიტაციის პროცესები დროულად ჩატარდეს და არ იყოს იმის აუცილებლობა, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დამატებით ტრანსპორტირებაში გაედინებოდეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის მასშტაბით, 13 მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ. ეს არის ძალიან მაღალი ალბათობით, სერიოზული კორუფციული სქემა. ერთი მხრივ, სახელმწიფო არ ზრუნვას იმაზე, რომ რეაბილიტაციის პროცესი დროში სწრაფად განხორციელდეს და ამის გამო, დამატებით მილიონობით თანხა მიედინება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არა ბავშვებისა და პედაგოგების, არამედ კონკრეტული კომერციული აქტორების ინტერესებშია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

























