გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის მხარდაჭერის საკითხებში საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის მხარდაჭერის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანა საქართველოში ოფიციალური ვიზიტს ასრულებს და შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლივინგსტონ სევანიანა ვიზიტის შესახებ ვრცელ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სხდომაზე, 2023 წლის სექტემბერში წარადგენს.

„ვიზიტის განმავლობაში მე შევხვდი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს თბილისში და ასევე, მომეცა შესაძლებლობა მომენახულებინა სოფელი ხურვალეთი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, სამინისტროების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს. წინამდებარე განცხადებას, რომელიც ვიზიტის საწყის მიგნებებს ეხება, მოჰყვება სრული ანგარიში თავისი სიღრმისეული ანალიზითა და შეფასებით, დაკვირვებით, დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ანგარიში, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სხდომას წარედგინება, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ვიმჯელეთ სამართლიანი ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ირგვლივ. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე შეიარაღებული კონქფლიქტი გამოიარა. ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. „ხუთდღიანი ომის“ შემდგომ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მოყოლებული საქართველომ დიდსულოვანი ნაბიჯები გადადგა შეთანხმების პირობებისა და შესაბამისად, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა დაცვის, ასევე კონფლიქტის შემდგომი პრევენციის მიზნით ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის მიუხედავად. ამ ტერიტორიებზე წვდომა ჯერ კიდევ შეზღუდულია.

ზოგადად, საქართველოში მშვიდობიანი გარემოა. ქვეყანამ მიაღწია პროგრესს უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა. მსურს ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რაც უკავშირდება აფხაზეთსა და ცხინვალს/სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მთავრობამ მოახერხა შეემუშავებინა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ამ რეგიონებთან დაკავშირებით. დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2023 წლის მარტში შევიდა, ძირითადად ეხება თემებს შორის ნდობის შენებას და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვას.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცნობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. „უკანონო კვეთის“ შედეგად ადამიანების თვითნებურად დაკავებების, ასევე, გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ. გარდა ამისა, შევნიშნე, რომ დეფიციტიურია მონაცემები თვითნებურად დაკავებული და მოკლული პირების შესახებ, ხოლო ამგვარი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებების მექანიზმები არ არსებობს. მსურს გამოვხატო შეშფოთება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და მოვუწოდო ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს მათი დემონტაჟისკენ. მსურს მოვუწოდო საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თანამშრომლობა ევორკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და აგრეთვე, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან აფხაზეთსა და ცხინვალთან/სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის უსაფრთხო და კვაზინორმალური ცხოვრების უზრულვეყოფის მიზნით“, - აცხადებს ლივინგსტონ სევანიანა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშწემყობი გარემოს არსებობა, რათა ქვეყანაში დაცული იქნეს დემოკრატია, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და კანონის უზენაესობა.

„შიშისა და სტიგმატიზაციის განცდა განსაკუთრებით გამძაფრდა უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებით, რომელიც საბოლოოდ არ იქნა მიღებული. არსებული პოლარიზაციის ფონზე, მისასალმებელი იქნებოდა დემოკრატიული სივრცის გაფართოებისკენ მიმართული მცდელობები და მიზანმიმართული ქმედებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის. განსაკუთრებით ეს ეხება იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე“, - ამბობს ლივინგსტონ სევანიანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო