ილიაუნში საერთაშორისო ვორკშოპი „კავკასია გლობალურ ისტორიაში“ გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებითა და მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსებისა და ილიაუნის პროფესორების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოპი, თემაზე: „კავკასია გლობალურ ისტორიაში“. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ისტორიული კვლევების გლობალური ტენდენციები და მათი მიმართება მიმდინარე ქართულ საკვლევ თემებთან გლობალური ისტორიის ჭრილსა და კონტექსტში.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართული ვორკშოპის თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის, კერძოდ საქართველოს, ისტორიის კვლევა თანამედროვე ისტორიოგრაფიული მეთოდოლოგიის გამოყენებით. კვლევების გამრავალფეროვნება ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ კვლევათა უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში“, – განაცხადა ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, ნინო მეტარაძემ.

„დღევანდელი ვორკშოპი განიხილავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დევს ეროვნულ ისტორიოგრაფიაში, იმისთვის, რომ შეტანილი იყოს გლობალური მიდგომის კვლევებში. ვორკშოპის მონაწილე პროფესორებს ამ სფეროში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვთ, დიდი გამოცდილება, და სწორედ მათი კომენტარების გათვალისწინებით გვინდა გავაუმჯობესოთ საქართველოს მეცნიერთა წვლილი კავკასიის ისტორიაში გლობალურ კონტექსტში“, – განცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ოლივერ რაისნერიუმ.

„საქართველოში მეორედ ვმონაწილეობ ვორკშოპში, რომლის თემაა: „გლობალური ისტორია და კავკასია გლობალურ ისტორიაში“. ეს ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია. დასავლეთ ევროპული პერსპექტივიდან კავკასიის ისტორია იმ დოზით არ არის გლობალურ ისტორიაში ინტეგრირებული, როგორც იმსახურებს. ამ ვორკშოპზე უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე ვასწავლი, რადგან მეხმარება ჩემს წარმოდგენათა გამრავალფეროვნებაში ამ თემატიკაზე“, – განაცხადა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა სებასტიან კორნადიმ.

„ვორკშოპში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მოხარულები ვართ, კავკასიასთან, კერძოდ საქართველოსთან, კონტაქტების დამყარების გამო. ჩემთვის, როგორც შუასაუკუნეების ისტორიის სპეციალისტისთვის, ძალიან საინტერესოა იმის მოკვლევა, საქართველო რამდენად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთ ევროპისთვის შუა საუკუნეებში“, – აცხადებს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორი თომას ერტლი.

„ვორკშოპი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევებისთვის ახალი ხედვებისა და პერსპექტივების შესაძენად. საქართველოში უამრავი ისტორიული წყარო გვაქვს დასამუშავებელი და გამოსაკვლევი სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში“, – მაია დამენია, დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო