კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ქვედანაყოფები მიიღებენ საბრძოლო მასალასა და იარაღს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად,- ამის შესახებ "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს.
„გვპირდებიან, რომ მოგვცემენ იმდენ საბრძოლო მასალასა და იარაღს, რამდენიც გვჭირდება საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ არტემივსკში (ბახმუტი) როგორც საჭიროდ მივიჩნევთ", - აღნიშნა პრიგოჟინმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისიდან "ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტიდან გავლენ.
მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო საბრძოლო მასალა არ ჰქონდათ, რის გამოც მისი მებრძოლები „უაზრო სიკვდილისთვის“ იყვნენ განწირულები.