უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში, კვირას საღამოს, ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

„ოდესის ოლქზე მტრის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ყველა სხვა დეტალი - მოგვიანებით", - დაწერა „ტელეგრამზე“ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი ბრაჩუკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

„ვაზუსტებთ ინფორმაციას ზარალისა და დაშავებულების შესახებ", - დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც დაფიქსირდა.