ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, ფაშიზმთან მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი გაიხსნა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის 4 მაისი ისტორიული დღე აღმოჩნდა ქართული ემიგრაციისთვის. ნიდერლანდების სამეფოში, კერძოდ კუნძულ ტექსელზე გაიმართა ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია. ამ დიდი მნიშვნელობის მოვლენის სათავეში ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი, კულტურის მოღვაწე და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თიკა სვანიძე-ვენკო დგას. სწორედ მისი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შესაძლებელი გახდა მემორიალის გახსნა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის წვლილი. ის წლების მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ საკითხებზე, ადგენდა და აზუსტებდა აჯანყების მონაწილეთა სიებს.

პროექტი - „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალის დადგმა" - განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კუნძულ ტექსელის მერიასთან და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

1945 წელს კუნძულ ტექსელზე ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრულია ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელები. მათი გარკვეული ნაწილის ვინაობა დღემდე უცნობი იყო.

აღსანიშნავია, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობა ქართველებთან ერთად თავის მოვალეობად ჩაუთვლიათ სხვადასხვა ერის შვილებს. ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ მებრძოლთა შორის იდენტიფიცირებულია ათამდე ჯარისკაცი დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. დაღუპულთა სიაში არიან ებრაული წარმოშობის ჯარისკაცები. ეს ინფორმაცია დადასტურდა კუნძულ ტექსელის ქართველთა აჯანყების საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

მემორიალის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე ცნობილი მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე. ის წლებია, ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინურ სახელოვნებო სივრცეს „Atelierdevka “, რომელიც ბელგიის სამეფოში ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. დევი ხმალაძე მუშაობს მოქანდაკე- რესტავრატორად ბელგიის სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარესტავრაციო კომპანია- „მონუმენტში”, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რესტავრაციის მიმართულებით. მის მიერ შექმნილი ტექსელის მემორიალის დიზაინი ნიდერლანდური მხარის მიერ ერთხმად იქნა მოწონებული და დამტკიცებული.

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ კუნძულ ტექსელი მერი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

კუნძულ ტექსელის მერმა, ბატონმა მიხილ აუთდენჰაგმა;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,ბატონმა რუსლან აბაშიძემ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ბატონმა დავით ფაცაციამ;

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ;

ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა, ქალბატონმა თინათინ სვანიძე-ვენკომ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანების პასუხისმგებლობაზე კაცობრიობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე;

ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინმა, ბატონმა იაკობ გაგულაშვილმა.

ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოზმა.

ქართველთა აჯანყების დროს გარდაცვლილ ქართველ ებრაელთა სულის მოსახსენებელი „აშკავას“ და „კადიშის“ ლოცვები წაიკითხა ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინმა, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარმა რელიგიურმა მოსამართლემ, ბატონმა იაკობ გაგულაშვილმა.

მემორიალის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საერთაშორისო დელეგაციების, ორაგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები - საქართველოს სამხედრო ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი; ორგანიზაცია „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ დამფუძნებელი, ბატონი ნიკოლოზ ქარჩავა.

ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა, ქალბატონმა თინათინ სვანიძე-ვენკომ ქართული დიასპორისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი თანადგომისათვის ქართული კულტურის ცენტრის სახელით ჯილდო გადასცა კუნძულ ტექსელის მერს, ბატონ მიხილ აუთდენჰაგს, ასევე ტექსელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, ბატონ მარტინ ვან დაალენს.

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორებისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან.

„მემორიალზე ტექსელის აჯანყებაში გარდაცვლილი მეომრების გვარებია ამოტვიფრული. უამრავი წელი შევალიე, მათი სიის დაზუსტებას, პირუთვნელი ისტორიული მასალის მოზადებას. მომიწია, როგორც ჰოლანდიურ, ასევე საქართველოში არსებულ საარქივო მასალებზე მუშაობა. გარდა ამისა, ვხვდებოდი აჯანყებაში მონაწილე გადარჩენილ მეომრებს, მათ ახლობლებს, ასე სრულად დავადგინე დაღუპული მეომრების მონაცემები“, - განაცხადა ტექსელის მოვლენების მკვლევარმა, ბატონმა სულხან ამირანაშვილმა.

ტექსელის აჯანყება მნიშვნელოვანი მოვლენაა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიდერლანდებში მყოფი ქართველი მეომრები გერმანიის ჯარებმა ჯერ დაატყვევეს და შემდეგ, 19 თვის განმავლობაში, მათ რიგებში მსახურება აიძულეს. ქართველმა მეომრებმა ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი აჯანყება წამოიწყეს, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდათ. ბრძოლა იყო სამკვდრო-სასიცოცხლო და თანაც უთანასწორო. გერმანელები რაოდენობით სამჯერ აღემატებოდნენ ქართველებს. ქართველი მეომრები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ გერმანელთა ჯარს, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, 513 ქართველი მეომარი დაიღუპა. ისინი განისვენებენ კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, კაპიტან შალვა ლოლაძის სახელობის ძმათა სასაფლაოზე.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში