საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
„გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მისი გამართული მუშაობა ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. ასევე, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის როლი ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას, რეგიონებიდან მოსახლობის გადინების შემცირებასა და აგრარული ტურიზმის განვითარებას, ასევე გაზრდის რეგიონის ცნობადობას.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარება „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ამდენად, კანონპროექტის შესაბამისად ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და აღსრულებას. პროექტი ახლებურად დაარეგულირებს ექსპერტიზისა და რეგისტრაციის პროცედურების საკითხებს. დაინერგება სერტიფიცირებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებური მექანიზმი, რომლის მიხედვით შემოწმდება საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან. სპეციფიკაციები განაცხადის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მწარმოებელი კონკრეტული საქონლისთვის შეიმუშავებს ნებაყოფლობითი სტანდარტით. აღნიშნული სპეციფიკაციები მტკიცდება კომპეტენტური უწყების მიერ და სავალდებულოა შესასრულებლად. კანონპროექტის მიხედვით დაიხვეწება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი სპეციფიკაციის მიღებისა და დამტკიცების ფორმალური და შინაარსობრივი საკითხები.
პროექტი, რომელიც მომზადდა საქპატენტის მიერ, ითვალისწინებს ასევე მწარმოებელთა ან/ და სხვა გაერთიანებების როლის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს საქონლის ხარისხის შენარჩუნებასა და მის პოპულარიზაციას. პროექტის შემუშავებისას გამოყენებული იყო ევროკავშირის, იტალიისა და საფრანგეთის საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირებისა და განვითარების, ასევე მათი გამოყენებისა და კონტროლის მიმართულებით“, - აღნიშნულია „საქპტატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქპატენტის“ თანახმად, ამჟამად, რეგისტრირებულია საქართველოში წარმოებული საქონლის 64 დასახელება (მაგალითად: ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.). აქედან, 38 არის ქართული ადგილწარმოშობის დასახელება, ხოლო 26 - გეოგრაფიული აღნიშვნა. მათი უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.