უზბეკეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 9 ივლისს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 9 ივლისი დაასახელა.
უზბეკმა ამომრჩევლებმა 30 აპრილს რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც მირზიოევს უფლებას აძლევს, პრეზიდენტის პოსტი კიდევ ორი ვადით დაიკავოს. ამასთან, ცვლილებები პრეზიდენტობის ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
65 წლის მირზიოევმა, რომელსაც 2 წელზე ნაკლებია რაც ამჟამინდელი, მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პრეზიდენტის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად ახალი მანდატი სჭირდება.
„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მკვეთრი და რთული პროცესები მიმდინარეობს, განვითარების სწორი და ეფექტური გზის პოვნა და მისი განხორციელება ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხი ხდება“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.

























