ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოში დამატებით მტკიცებულებად „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.
სწორედ აღნიშნული დასკვნა, ასევე, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, სასამართლოსთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას გულისხმობს, რომ წარმოდგენილი 7 მსჯავრდებულიდან ორ მსჯავრდებულს ბრალდება დაუმძიმდა და სასჯელის სახით 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმე ეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, სადაც წარმოდგენილ ორ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული ჰქონდა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამოიკვლია აღნიშნული მტკიცებულება, ბრალდების მხარემ შესაბამისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე მოითხოვა, რომ წარდგენილ ბრალდებებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ჯგუფურად, დამნაშავედ ყოფილიყვნენ ცნობილი ზემოთ აღნიშნული პირები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ამ ნაწილში, ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა და თითოეულ მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ერთ-ერთი პირი, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზში იმყოფებოდა, ადგილზე იქნა დაკავებული, მეორე პირი კი არ გამოცხადდა და მის მიმართ გატარდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
ცნობისთვის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1 წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც მათ მოიხადეს. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელს კიდევ 1 წელი და 9 თვე მოიხდიან. გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს, რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდზე არიან მსჯავრდებულები, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. კერძოდ, ზაზა ჭაავასთვის, მურად დევლარიშვილითვის შეფარდებული პატიმრობა ერთი წლის ვადით, ძალაში დარჩა, რომელიც მათ უკვე მოხდილი აქვთ. რაც შეეხებათ გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს და თედო ბურდულს, მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, რაც ასევე ძალაში დარჩა, ისინი სასჯელს ამ დრომდე იხდიან.
მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"