„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთელის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
მისივე თქმით, ბრალდების მხარემ შემთხვევის ადგილიდან, ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლიდან, ავტომანქანიდან და სქურში ამოღებული მასრები გამოიკვლია, რომლებიც იდენტურია და ერთი იარაღიდან არის გასროლილი.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნული ნივთმტკიცებულება წარმოადგენს ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას ბადრი ესებუას საქმეზე.
,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია მტკიცებულებები, მათ შორის გახლდათ მასრები. მასრები გახლავთ შემთხვევის ადგილიდან, ანუ ,,საქართველოს ბანკიდან“, ასევე სქურში , ავტომანქანიდან და ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასრები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია დღევანდელ პროცესზე და წარუდგინა დაცვის მხარეს და, ასევე, წარედგინა სასამართლოს. ამ მასრებს ეტყობოდა გასროლის კვალი. ამ მასრებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ეს ნივთმტკიცებულება წარმოადგენს ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას ბადრი ესებუას საქმეზე. ეს მასრები იდენტურია და ერთი და იმავე იარაღიდან არის გასროლილი“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.