საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ერისთავი ესთეითსი“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია „ერისთავი ესთეითსი“ ახალი ბრენდია 15 წლიანი ისტორიით, რომელმაც საბროკერო კომპანია „რენტალსი“-გან პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება გადაიბარა. თავად „რენტალსი“ ფოკუსირებული დარჩა, მის პირველად მიზანზე, უძრავი ქონების გაქირავებაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ერთი ჯგუფის მფლობელობასა და მმართველობაშია.
„მივესალმებით „ერისთავი ესთეითს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების მქონე საბროკერო მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
„ერისთავი ესთეითსის" და „რენტალსის" ძალების სინერგიით, ჯგუფი გასაყიდად და გასაქირავებლად არჩევს პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას, როგორც საცხოვრებელს ასევე კომერციულს, რის შემდეგაც, მეპატრონესთან აფორმებს „ექსკლუზიურ წარმომადგენლობით მანდატს“. შედეგად, უზრუნველყოფს ობიექტისთვის ინდივიდუალური სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, მის სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ჯგუფს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს საცხოვრებელი და საოფისე უძრავი ქონების კუთხით. მის ანგარიშზე ასობით გაქირავებული ბინა და სახლი უცხოელ დიპლომატებზე და 65.000 კვ.მ.-ზე მეტი გაქირავებული და გაყიდული კომერციული უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ერევანში.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის“ მიერ გამართულ დაჯილდოებაში, კომპანიამ ზედიზედ ორჯერ წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიის წოდება მოიპოვა. ასევე მიიღო „Best in Class“ სტატუსი JLL-გან, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოში სიდიდით უძრავი ქონების მეორე კომპანიაა“, - ნათქვამია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.