2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით დარიცხული მოსაკრებლის თანხა და მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავი, შესაძლოა ჩამოწერას დაექვემდებაროს.
“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი ფიზიკურ პირებზეა გაცემული, რომლებსაც სათანადო რეგისტრაცია, სათანადო ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია და ცოდნა მათი მოვალეობების და უფლებების შესახებ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნულს ის გარემოებაც მოწმობს, რომ პირებს, რომლებიც შესაბამის ლიცენზიას ფლობდნენ, უმეტეს შემთხვევაში, ათვისების გეგმაც კი არ ჰქონდათ დამტკიცებული და ლიცენზიების გასხვისება ერთი ფიზიკური პირიდან სხვა ფიზიკურ პირებზე ათვისების გეგმის გარეშე ხდებოდა.
“ამასთან, გასათვალისწინებელია COVID -19 ზეგავლენა, რომლის პირობებშიც შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება კიდევ უფრო გართულდა.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ გააჩნიათ, ვინაიდან აღარ ფლობენ საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას) მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია.
თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"