საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სასამართლოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, ბერლინში, მონაწილეობა მიიღეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა კონგრესში. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათი ცნობით, კონგრესის თემას წარმოადგენდა - „კლიმატის ცვლილება როგორც გამოწვევა კონსტიტუციური სამართლისა და საკონსტიტუციო სასამართლოებისთვის“.
კონგრესის სამი სამუშაო სესია მოიცავდა დისკუსიას შემდეგ ურთიერთმკვეთ თემებზე: კლიმატის ცვლილების შეკავების ეკონომიკური და ეკოლოგიური საფუძვლები; საკონსტიტუციო სასამართლოების განსჯადობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმეებზე; კონსტიტუციური პასუხისმგებლობის ცნება: მიზეზშედეგობრიობა, დაცვის ვალდებულება და თავისუფლებები; საკონსტიტუციო სასამართლოების პოტენციალი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში: შესაძლებლობები და შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესში.
“კონგრესზე მოხსენებით წარდგნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პოტსდამის ინსტიტუტის კლიმატის ზეგავლენის კვლევითი ცენტრის დირექტორი; აგრეთვე, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარე, სლოვენიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს, ნიდერლანდების უზენაესი სასამართლოს, იტალიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები; შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს, ავსტრიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, ხორვატიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები; გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
ღონისძიების ფარგლებში, კონგრესის მონაწილეებისთვის ოფიციალური მიღება გამართა და კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.