პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი წესის დამტკიცების შემდეგ, 1-1.5-თვიანი პერიოდია საჭირო მოსამზადებლად, გამოცდების ჩასატარებლად, საფრენი აღჭურვილობის შესამოწმებლად და ადგილების შესასწავლად

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ახალი წესის დამტკიცების შემდეგ, დაახლოებით 1-1.5-თვიანი პერიოდია საჭირო მოსამზადებლად, გამოცდების ჩასატარებლად, საფრენი აღჭურვილობის შესამოწმებლად და საფრენი ადგილების შესასწავლად.

როგორც ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან რთული იყო ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ამ ადამიანებს ფრენის საშუალებას არ შეუზღუდავდა.

„საქართველოში არის 150 -ზე მეტი აქტიური პილოტი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დაფრინავენ. ზოგი არასპორტული ინტერესით დაფრინავს, ზოგი უბრალოდ თავისი სიამოვნებისთვის დაფრინავს. ძალიან რთული იყო ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ამ ადამიანებს ამ ფრენის საშუალებას არ შეუზღუდავდა. დამტკიცებულ ახალ წესს მოჰყვება გარკვეული ეტაპები, ეს არის დაახლოებით 1-1.5 - თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც დასჭირდება გამოცდების ჩატარებას, საფრენი აღჭურვილობის შემოწმებას, საფრენი ადგილების შესწავლას. ამაში, ვფიქრობთ, რომ დაიხარჯება 1-1.5 თვე, თუ პილოტები გამოიჩენენ შესაბამის ძალისხმევასა და მონდომებას.

ახალი წესის თანახმად, ისეთ ლოკაციებზე, რომელიც მოიაზრება კომერციულ სივრცეებად, სადაც კომერციული ფრენები უნდა ხორციელდებოდეს, საკმაოდ ნათლად დაწერილი ინსტრუქციები იქნება. ჩვენ ვენდობით პილოტებს, მაგრამ გვყავს დამატებით მესამე პირი, რომელიც ამას თვალყურს ადევნებს და ამოწმებს, ეს არის ოპერატორი. ანუ ისეთ ლოკაციაზე, ისეთ ადგილას, სადაც ფრენები ხორციელდება, იქ იმუშავებს ოპერატორი, ეს წმინდა კომერციული ერთეულია. ოპერატორი ვალდებულია, რომ ფრენების აღრიცხვიანობა აწარმოოს და თუ საჭიროება იქნება, ამ ფორმითაც მარტივად დავითვლით ვინ, რა იფრინა და ვის რა გადასახადი ეკუთვნის“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც საქართველოში პარაპლანით ფრენა გახდა შესაძლებელი, გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო წლის განმავლობაში 5.

„რომ გითხრათ, მსგავსი რეგულაცია სრულად უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდება, ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. ყველაზე დალაგებულ ქვეყანაშიც კი, პარაპლანებით ფრენის დროს მსხვერპლი არის - ხოლმე. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ ასეთი რაღაცების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. რომ გითხრათ, ახალ წესს როგორც კი კანონის ძალა მიეცემა, ეს მთლიანად გამორიცხავს ნებისმიერ უბედურ შემთხვევას, ასე არაა. ამ კანონის საშუალებით დავადგენთ პროცესუალური შეცდომა იყო თუ ბუნებრივი პირობების გამო მოხდა, ამის საშუალებას გვაძლევს ეს რეგულაცია, ამის შემდეგ კი გვექნება სამართლებრივი მექანიზმებიც“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში ფედერაცია ვალდებულია შექმნას ოთხი კომისია.

„თუ ამ კომისიაში მონაწილეობის სურვილს არავინ გამოთქვამს, მოვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებსაც და ჩავრთავთ სხვადასხვა უწყებებიდან შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების ადამიანებს. შემდეგ მათთან მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. კომისიაში, მინიმუმ, სამი ადამიანი უნდა იყოს“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო