საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა“ მოსწავლეების კიდევ ერთი ნაკადი გადაამზადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ საგაზაფხულო სალექციო კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელ ორთვიან ექსპრესკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა საჯარო სკოლის 45-მა მოსწავლემ.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სკოლის მოსწავლეებს ლექციები ფაკულტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა წაუკითხეს.

„პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადი 2018 წელს მივიღეთ. უმოკლეს დროში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მოსწავლეების მხრიდან იმდენად დიდი იყო დაინტერესება, პროექტის გაფართოვებაზე ვფიქროდბით. ექსპრესკურსის დაწყებიდან მალე, პანდემიის პერიოდში, მუშაობა შევაჩერეთ. წელს, იძულებითი შესვენების მიუხედავად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და რაკი, ფაქტობრივად, თავიდან გავდივართ გზას, რომელიც პანდემიამდე გავიარეთ, ადგილები ლიმიტირებული იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელს, პროფესორ მერაბ მიქელაშვილს მადლობა გადავუხადო ასეთი საინტერესო პროექტისთვის“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის განცხადებით, ცენტრის პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მისი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა. პროგრამას, რომელიც სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათისაა, სრულად აფინანსებს ტექნიკური უნივერსიტეტი.

„ცენტრის შექმნის მიზანი იყო ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება და გარკვეულწილად ის, რომ სოციალური პროექტი განგვეხორციელებინა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. იმის გამო, რომ პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებით სერიოზული სისტემური პრობლემებია, გადავწყვიტეთ მივსულიყავით საშუალო სკოლების მოსწავლეებთან და მათთვის ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩაგვეტარებინა, საუბარია ე.წ. რბილი უნარების დამუშავებაზე. დღეს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრის მოთხოვნაა, ამიტომ არასაკმარისია მხოლოდ პროფესიული უნარები, საჭიროა ზეპროფესიული უნარები, როგორიცაა, კრიტიკული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, გუნდურობა და ა.შ. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით მოსწავლეებს. დარწმუნებული ვარ, სესიაში მონაწილე მოსწავლეებს ღირებული ინფორმაცია მიაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან“, - განაცხადა მერაბ მიქელაშვილმა.

სტუ-ს ცნობით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა“ საგაზაფხულო სესიის მონაწილე 45 მოსწავლეს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა. როგორც ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, სალექციო კურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო.

„ჩემი მიზანი იყო საუნივერსიტეტო სისტემას გავცნობოდი. აღსანიშნავია, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებთან გვქონდა შეხვედრა. მათ ისეთი რჩევები მოგვცეს, რაც სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება როგორც პროფესიის, ისე უნივერსიტეტის არჩევისას. ვფიქრობ და, რა თქმა უნდა, სხვებსაც ვურჩევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მანამდე კი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ სესიებში მონაწილეობის მიღებას. ძალიან მომეწონა გარემო, კარგია პრაქტიკისთვის“, - აცხადებს კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლე ლიზა ჩაჩუა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი გეგმავს პროექტის გაფართოვებას, მონაწილეთა ლიმიტის გაზრდას. უმოკლეს ვადაში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ელექტრონულ პლატფორმასაც შესთავაზებს.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ 2018 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციებს ატარებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მეწარმეობა; მენეჯმენტი; მარკეტინგი; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; გუნდურობა; ლიდერობა; კომუნიკაბელურობა; კრეატიულობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება; ეტიკეტი და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო