ლევან ლორთქიფანიძე - საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, 30 აპრილის აქციის ექომ, ბუდაპეშტში პრემიერ ღარიბაშვილის კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობამ, რასაც შინ და გარეთ ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა აშკარად არა ანტიდასავლურმა რიტორიკამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების იდეოლოგიებზე დაფიქრებისთვის კარგი ინსპირაცია აღმოჩნდა.

ჩვენში მოქმედი პარტიების იდეოლოგიებზე ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც ვთქვი, შინ და გარეთ არ წყდება პრემიერის კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობაზე ევროპისა და ამერიკის პოლიტიკურ კორიდორებში კულუარებში საუბარი, ალბათ აჯობებს ჩვენი საუბარიც ამ თემით დავიწყოთ.

ბუდაპეშტში გამართულ ფორუმში მონაწილეობით რა უთხრა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- ალბათ, გსმენიათ გასულის საუკუნის დასაწყისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი წევრის მიერ ნათქვამი ცნობილი ფრაზა: „მე ისეთი მემარჯვენე ვარ, რომ ჩემს იქით მხოლოდ კედელია“.

დასავლეთის კონსერვატიული ძალები თავიანთი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. არსებობენ რესპექტაბელური, შედარებით ზომიერი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს ეჭვქვეშ არ აყენებენ. თუმცა, ვხვდებით იმგვარ კონსერვატიულ გაერთიანებებსაც, რომლებთანაც დიალოგი, შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სამწუხაროდ, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC), სადაც პრემიერი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა, რადიკალთა და მარგინალთა ერთობას წარმოადგენს. მისი წევრები ევროკავშირის მხოლოდ ნაკლოვანებებს ამჩნევენ და მისი სიკეთეების შესახებ მსჯელობა არ სურთ. ამ კონფერენციის მონაწილეები დასაშვებად მიიჩნევენ საკუთარი იდეების განხორციელებისათვის ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმას.

სამწუხაროდ, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC), სადაც პრემიერი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა, რადიკალთა და მარგინალთა ერთობას წარმოადგენს. მისი წევრები ევროკავშირის მხოლოდ ნაკლოვანებებს ამჩნევენ და მისი სიკეთეების შესახებ მსჯელობა არ სურთ. ამ კონფერენციის მონაწილეები დასაშვებად მიიჩნევენ საკუთარი იდეების განხორციელებისათვის ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმას

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქსენოფობია და ანტისემიტიზმი კონფერენციის მონაწილეთა ნაწილის ფუნდამენტური მახასიათებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ CPAC-ის ევროპელი ლიდერები (მაგალითად ვიქტორ ორბანი) კონსერვატიული იდეების გულწრფელი და თანმიმდევრული ერთგულებით არ გამოირჩევიან.

ღმერთისა და ოჯახის დამცველის სახელი მათ ხშირად მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და უსასრულოდ გახანგრძლივებისთვის სჭირდებათ. მოკლედ, CPAC-ს დასავლეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც საქართველოში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“.

შესაბამისად, ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობით ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ მას ევროპაში გავლენიანი და სერიოზული პარტნიორები არ ჰყავს და მხოლოდ გარიყულ, გავლენის არმქონე, ევროპის ერთიანობის იდეის შანტაჟზე დაფუძნებულ ძალებთან შეუძლია საერთო ენის გამოხატვა.

ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობით ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ მას ევროპაში გავლენიანი და სერიოზული პარტნიორები არ ჰყავს და მხოლოდ გარიყულ, გავლენის არმქონე, ევროპის ერთიანობის იდეის შანტაჟზე დაფუძნებულ ძალებთან შეუძლია საერთო ენის გამოხატვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოქმედებებს გაოგნებული ადევნებენ თვალს ევროპელი სოციალისტებიც. აქამდე მათ იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი და მათი ერთგული პარტნიორი გახლდათ. დღეს კი სოციალისტური ოჯახის წევრი მგზნებარე სიტყვით გამოდის ულტრაკონსერვატორთა თავყრილობაზე.

ამგვარი ქმედების შემდეგ დასავლეთში კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოუმწიფებელი, ნაკლებად პრინციპული ლიდერები არიან და ანგარების მიზნით ადვილად შეუძლიათ სოციალისტთა ბანაკიდან კონსერვატიულ ერთობაში გადაინაცვლონ, შემდეგ კი თუ საჭირო გახდა ლიბერალურ ალიანსში დამკვიდრებაზეც არ იტყვიან უარს.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა პოლიტიკური მოხმარების თვალსაზრისით ბუდაპეშტში ღარიბაშვილის გამოსვლას პოზიტიური გავლენა ექნება. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. 2024 წელს ისინი უმრავლესობის შენარჩუნებას ადმინისტრაციული რესურსისა და კონსერვატიული ფენების მხარდაჭერის კომბინაციის საფუძველზე აპირებენ.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობა უდავოდ შეუწყობს ხელს საქართველოს მმართველი პარტიის დროშის ქვეშ კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეების დარაზმვას.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია... კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობა უდავოდ შეუწყობს ხელს საქართველოს მმართველი პარტიის დროშის ქვეშ კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეების დარაზმვას

- ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ევროპაში საკუთარი ტრადიციებით შევა

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა - საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით“. არადა, სულ ცოტა ხნის წინ გვახსოვს კახა კალაძის დაახლოებით ასეთი გამონათქვამი - „თუ მოგვანიჭებენ სტატუსს კარგი იქნება, თუ არადა არც ამით დაშავდება რამე.“

ვითარებაში, როცა საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში ჩაწერილი გვაქვს, რომ „ოჯახი არის კაცისა და ქალის კავშირი,“ რაც სხვათა შორის ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ წლებში ჩაიწერა, ანუ ქვეყანას რეალურად არ უნდა აწუხებდეს ლგბტ თემის აქტიურობა, გაუგებარია, რატომაა სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი თემა „ოჯახის სიწმინდე“ და იმაზე საუბარი, რომ თითქოს „გლობალური ძალები ომში გვითრევენ“?

- ქართველ კონსერვატორთა ნაწილი დასავლელი ულტრამემარჯვენეების კარიკატურას, უხარისხო ასლს წარმოადგენს. მათ არც კი აქვთ ადგილობრივი, ეროვნული დღის წესრიგი. მაგალითად, ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ღმერთის გენდერულად ნეიტრალური ტერმინით მოხსენიებას. მაინტერესებს ვინ აპირებს ამ საზარელი სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში? ან სად მოისმინეს, რომ ბრიუსელი გვთხოვს დედას „მშობელი #1“ ვუწოდოთ?

ამავე ხალხმა ხვალ შეიძლება ჩაატაროს დემონსტრაცია ქალთა ძიუდოში ტრანსგენდერების ასპარეზობის აკრძალვის მოთხოვნით. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ფლორიდაში. ფლორიდის პრობლემატიკით საქართველოს მოქალაქეთა გრძნობებზე თამაში წმინდა წყლის პოპულიზმია და მეტი არაფერი. ემსახურება მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას და ამგვარი დაყოფის შედეგად წარმოქმნილი გულგახეთქილი, დაზაფრული მასების საარჩევნო მობილიზაციას.

რაც შეეხება „ოჯახის სიწმინდის“ საკითხს. არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში, არამედ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. კონსტიტუციის ცვლილებისთვის კი „ორმაგი ვოტუმის“, ორი მოწვევის პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა, ინსტრუმენტიცაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება „ოჯახის სიწმინდის“ საკითხს. არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში, არამედ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი

დღეს ვინმეს მართლა თუ სურს „ოჯახის სიწმინდის“ დაცვა ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფაზე უნდა საუბრობდეს. „სიწმინდის მცველებს“ უნდა აწუხებდეთ კითხვები: როგორ დავეხმარებით ახლად შექმნილ ოჯახებს ბინის შესყიდვაში? ბავშვის აღზრდაში? როგორი საბავშვო ბაღები იარსებებს ოჯახების გასაძლიერებლად? მოუწევთ თუ არა მშობლებს თავიანთი შვილებისათვის არითმეტიკისა და წერა-კითხვის შესწავლის მიზნით რეპეტიტორების დაქირავება თუ საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ელემენტარულ ცოდნას? და ა.შ.

სამწუხაროდ, დღეს „ოჯახის მცველებს“ ოჯახების სოციალური მხარდაჭერის ინიციატივები არ აინტერესებთ, რაც მაფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ ფარისევლობასთან გვაქვს.

სამწუხაროდ, დღეს „ოჯახის მცველებს“ ოჯახების სოციალური მხარდაჭერის ინიციატივები არ აინტერესებთ, რაც მაფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ ფარისევლობასთან გვაქვს

აქვე, ღიად უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიოში ნამდვილად არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოს იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია. საქართველოს რუსეთთან მიმართებით ისეთივე პოლიტიკას ვერ გაატარებს, როგორიც ბალტიის სახელმწიფოებსა და პოლონეთს აქვთ არჩეული, ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ჯერჯერობით არ ვართ. საქართველოს არც მოლდოვის მსგავსი ფუფუნება არ აქვს, ჩვენ რუმინეთის ნაირი „უფროსი ძმა“ დედამიწის ზურგზე არსად გვეგულება.

შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გასაგებია განსაკუთრებული სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს. უბრალოდ, ამ პოზიციას დასავლეთის სხვადასხვა წრეებისთვის ახსნა სჭირდება. გაბუტვა, ბრაზი და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა გამოსავალი არ არის.

ჩემთვის სრულიად გასაგებია განსაკუთრებული სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს. უბრალოდ, ამ პოზიციას დასავლეთის სხვადასხვა წრეებისთვის ახსნა სჭირდება. გაბუტვა, ბრაზი და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა გამოსავალი არ არის

მსოფლიოს მხოლოდ თბილისის რომელიმე მოედანზე გამართული მიტინგებიდან და ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებიდან არ უნდა ელაპარაკო, დიპლომატიურ არხებს აქტიური და კვალიფიციური გამოყენება სჭირდება.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ომის ფონზე თბილისს ევროპის არა ერთი წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. გასულ კვირას, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები იყვნენ, რომლებიც გვარამიას სანახავად არ იქნენ დაშვებული.

გასაგებია, რას ითხოვენ ჩვენგან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, როცა გვირჩევენ 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, რეკომენდაციებთან დაკავშირებით თუ რა განცხადებებს აკეთებენ მმართველი გუნდის წევრები.

ფაქტი ისაა, რომ დღევანდელი საქართველო არ ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს რომ ევროკავშირისა და ნატოს კარი ახლა ფართოდაა გაღებული და ახლა რეალური და ეფექტური ნაბიჯების გადადგმის დროა.

იმ პროცესების გათვალისწინებით თუ ხდება ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, კითხვას ასე დავსვამდი - გაქვთ განცდა, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რაც რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ომის შემდეგ ევროპული გაერთიანება აუცილებლად შეიცვლება. ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა, შარლ მიშელმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი „ევროპული სუვერენიტეტისა“ და „ევროპული გეოპოლიტიკური თანამეგობრობის“ შესახებ. ამ იდეების მიხედვით ევროპა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ალიანსად ვეღარ დარჩება, ის ღიად შეიძენს გეოპოლიტიკურ მდგენელს.

უკრაინის ომის შემდეგ ევროპული გაერთიანება აუცილებლად შეიცვლება. ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა, შარლ მიშელმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი „ევროპული სუვერენიტეტისა“ და „ევროპული გეოპოლიტიკური თანამეგობრობის“ შესახებ. ამ იდეების მიხედვით ევროპა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ალიანსად ვეღარ დარჩება, ის ღიად შეიძენს გეოპოლიტიკურ მდგენელს

ევროპა უკვე დაინტერესებულია თავისი გავლენების, პრინციპების რაც შეიძლება დიდ სივრცეზე გავრცელებით. ამ სივრციდან საქართველოს გამორიცხვა კი შეუძლებელია. მოკლედ, თუ ევროპას სურს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს, მას მეტი სივრცე, მათ შორის კავკასიის ნაწილიც, სჭირდება.

ამასთანავე, უკვე თვალნათელია, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას მრავალი წელი დასჭირდება. დასავლეთს კი შორეულ აღმოსავლეთთან კავშირის გარეშე გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობა გაუჭირდება.

შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ე.წ. „შუა დერეფანი“, რომელიც აზიის ქვეყნებსა და დასავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან. კანდიდატის სტატუსის მიღება ამ ეკონომიკური შესაძლებლობის დამსახურებაც შეიძლება გახდეს.

სტატუსის მიღებას ველოდები იმის გამოც, რომ არაერთ დარგში მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით საქართველოს უპირატესობა ევროკავშირის უწყებებში ჩატარებულმა კვლევებმა მრავალგზის დაადასტურეს. შესაბამისად, ჩვენთვის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის თქმა გაამძაფრებს უსამართლობის განცდას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპელებს არ სურთ მცდარი სიგნალები გაუგზავნონ მოსკოვს. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ უარს გვეტყვიან სტატუსზე, კრემლში შეიძლება იფიქრონ, რომ საქართველო დასავლეთს აღარ აინტერესებს, რომ საქართველო მიტოვებული ქვეყანაა. ბუნებრივია, ამგვარი ატმოსფეროს შექმნა დასავლეთის ლიდერების ინტერესებში არ შედის.

ევროპელებს არ სურთ მცდარი სიგნალები გაუგზავნონ მოსკოვს. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ უარს გვეტყვიან სტატუსზე, კრემლში შეიძლება იფიქრონ, რომ საქართველო დასავლეთს აღარ აინტერესებს, რომ საქართველო მიტოვებული ქვეყანაა. ბუნებრივია, ამგვარი ატმოსფეროს შექმნა დასავლეთის ლიდერების ინტერესებში არ შედის

და რაც მთავარია, მარტის მოვლენების დროს საქართველოს მოსახლეობამ მყარად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ხალხის ნების ამგვარი დემონსტრირების არაფრად ჩაგდება თავად ბრიუსელის ავტორიტეტს დააყენებს დარტყმის ქვეშ.

- საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ შესაძლოა, ახლა როგორც არასდროს ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიებზე საუბრის დროა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ძირითადად რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი აქტიურობს. ხშირად ძნელია მათ შორის იდეოლოგიური თუ ტაქტიკურ- სტრატეგიულ გეგმებში განსხვავების დანახვა.

ხშირ შემთხვევაში ძნელია იმის გაგება, რომელი პარტიაა მემარჯვენე, რომელი მემარცხენე, რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება ჩაითვალოს ცენტრისტული ტიპის, ან მემარჯვენე, ამ მემარცხენე პარტიებად, ან ულტრამემარჯვენე, ან ულტრამემარცხენედ, რომელი პარტიაა ნაციონალისტების, რომელია კონსერვატორ-ტრადიციონალისტების პარტია, რომელი პარტია გამოხატავს საზოგადოების რომელი ნაწილის ინტერესებს.

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არ ჩანან სოციალისტები, ან სოციალ-დემოკრატები, ან „მწვანეები.“ პარტიები კი არსებობენ, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი გავლენა საზოგადოებრივ აზრსა და განწყობებზე მინიმალურია.

არადა ცხადია, რომ საქართველოში ყველა იდეოლოგიას რეალურად ჰყავს ელექტორატი. მათ შორის სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მაგრამ სოციალური მოთხოვნებით აქცია იშვიათად თუ გაგვახსენდება. ყველა კვლევაში კი ვხედავთ, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველი ზოგჯერ 40%-ია, ზოგ შემთხვევაში 60%-იც კი.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იდეოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში არსებულ პარტიებს?

თქვენი დაკვირვებით, რომელი იდეოლოგია დომინირებს?

- საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ. ჩვენი პარტიული ლანდშაფტი დაპყრობილი აქვთ ერთი ადამიანის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ჯგუფებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებზე მეტად „ფანკლუბებს“ ჰგვანან. ასეთი ძალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ ლიდერებს ჰქონდეთ ძალაუფლება.

საქართველოს პოლიტიკურ ველზე თვითმიზნად არის ქცეული ძალაუფლება. ჩვენს პოლიტიკოსებს ძალაუფლება სჭირდებათ საკუთარი გავლენებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის და არა რომელიმე იდეის ხორცშესხმისთვის.

იქ სადაც ძალაუფლება თვითმიზანია და არა საზოგადოების გარკვეულ პრინციპებზე მოწყობის საშუალება, იდეოლოგიური პოზიციები თავიანთ მნიშვნელობას კარგავენ.

საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ. ჩვენი პარტიული ლანდშაფტი დაპყრობილი აქვთ ერთი ადამიანის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ჯგუფებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებზე მეტად „ფანკლუბებს“ ჰგვანან. ასეთი ძალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ ლიდერებს ჰქონდეთ ძალაუფლება

აღსანიშნავია, რომ ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკას ბაზართან აიგივებენ. მათ ბაზარზე შემოაქვთ ის, რაც ადვილად გასაღდება და არა ის, რაც მათი რწმენით საზოგადოების განვითარებისთვის არის საჭირო. ბაზრის განწყობები ხშირად იცვლება, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკოსებიც არც თუ ისე იშვიათად გადაბარგდებიან ხოლმე ერთი ბანაკიდან მეორეში.

მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ლიბერალიზმის იდეები დომინირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ყველა ლიბერალია. დაბალ გადასახადებს, ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ როლს, სოციალური კეთილდღეობის ჩამოყალიბებაში ინდივიდუალური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყველა პარტია ქადაგებს.

ქართულ პოლიტიკაში ლიბერალიზმის იდეები დომინირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ყველა ლიბერალია

ჩვენს ქვეყანაში პარტიების დაჯგუფება მხოლოდ საგარეო პოლიტიკური და „ეროვნულ ღირებულებებთან მიმართების“ ნიშნით ხდება. სხვა კრიტერიუმი, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია, რაც ჩვენი პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მიანიშნებს.

- ლიბერალური იდეოლოგიის პარტიების დომინაცია სახეზე რომ გვაქვს, ფაქტია. ეს უფრო მემარჯვენე ლიბერალურ ფრთას ეხება. მაგრამ, ფაქტია ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რეალურად არ ჩანან ლიბერალური მიმართულების მემარცხენე ძალები, სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, თუნდაც, ქრისტიან-დემოკრატები, „მწვანეები“, რომლებიც ძირითადად მემარჯვენეები არიან.

არადა, ევროპის ქვეყნების საკმაოდ დიდ ნაწილს სოციალ-დემოკრატები მართავენ, თან საკმაოდ წარმატებითაც და ეფექტურად. ამ ქვეყნებში მოქალაქეები სოციალურადაც უკეთ არიან დაცული და ცხოვრების დონეც საკმაოდ მაღალია.

მესმის, რომ სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნებით ფართომასშტაბიანი აქციები ჩვენში დიდი იშვიათობაა, მაგრამ, საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით მაინც არ მგონია, რომ სოციალისტებსა და სოციალ-დემოკრატებს ელექტორატი რეალურად არ ჰყავს.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმასა თუ რატომ არ ჩანან სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები პოლიტიკურ სცენაზე? იგივე სოციალისტები, ან სოციალ-დემოკრატები, თუნდაც „მწვანეები“?

- საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მემარცხენე ფლანგის არარსებობა მრავალი მიზეზით არის განპირობებული.

საუბედუროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართულმა პოსტსაბჭოთა ელიტებმა, ხელისუფლების, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლებმა, მემარცხენე იდეებსა და სტალინურ რეპრესიებს შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვეს. ნებისმიერი მემარცხენე ინიციატივა საბჭოეთის აღდგენის მცდელობასთან ასოცირდებოდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართულმა პოსტსაბჭოთა ელიტებმა, ხელისუფლების, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლებმა, მემარცხენე იდეებსა და სტალინურ რეპრესიებს შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვეს. ნებისმიერი მემარცხენე ინიციატივა საბჭოეთის აღდგენის მცდელობასთან ასოცირდებოდა

ევროპის კეთილდღეობის სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ სოციალურ სერვისებზე, საბინაო პოლიტიკა, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა, უფასო უმაღლესი განათლება და ა.შ. საუბრის დაწყებისთანავე მემარცხენეებს პასუხობენ, რომ „კომუნიზმი უტოპიაა“ და რასაც ისინი ამბობენ აბსურდია.

ცხადია, ასეთი ყრუ კედლის გარღვევა რთულია, თუმცა, სოციალური სიდუხჭირით აღბეჭდილი მესამე ათწლეულის მიწურულს კედელს პირველი ნაპრალები უკვე გაუჩნდა.

სოციალ-დემოკრატიული და სოციალისტური პარტიების ნაკლებობას ისიც განაპირობებს, რომ ქართულ პოლიტიკაში განუსაზღვრელად გაიზარდა ორი ფაქტორის მნიშვნელობა.

ჩვენთან პოლიტიკური წარმატების მისაღწევად აუცილებელია გრანდიოზული ოდენობით კაპიტალის დაგროვება და ეფექტიანი პროპაგანდისტული მანქანის აწყობა. მდიდრების პროგრესული დაბეგვრის იდეებით ნასაზრდოებ მემარცხენე ძალას საქართველოში არავინ დააფინანსებს, არავინ მისცემს მათ რესურს ძლიერი მედიასაშუალების ჩამოყალიბებისთვისაც. მოკლედ, მემარცხენეებს საქართველოში არც ფული და არც მედია არ აქვთ, რაც გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკური წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

მდიდრების პროგრესული დაბეგვრის იდეებით ნასაზრდოებ მემარცხენე ძალას საქართველოში არავინ დააფინანსებს, არავინ მისცემს მათ რესურს ძლიერი მედიასაშუალების ჩამოყალიბებისთვისაც. მოკლედ, მემარცხენეებს საქართველოში არც ფული და არც მედია არ აქვთ, რაც გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკური წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

„მწვანეებს“ დასავლეთში პოსტ მატერიალისტური შეხედულებების მქონე პარტიად მოიხსენიებენ. მაშასადამე, უხეშად რომ ვთქვათ, მათი ამომრჩევლები არიან ადამიანები, რომელთაც ელემენტარული მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვთ და შეუძლიათ სხვა პრობლემებზე მსჯელობაც. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე საუბრით პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება რთულია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მემარცხენეები ისტორიულად გამოირჩევიან ხანგრძლივი თეორიული შიდა დისკუსიებითა და მსოფლმხედველობრივი კონფლიქტებით. ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, მათ გაერთიანება, კონსოლიდაცია უჭირთ, რაც ართულებს პოლიტიკური პარტიის ფორმირებას.

- 90-იან წლებში რუსული პროპაგანდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობას „ნაციონალისტებს“ უწოდებდა. არადა, ისტორია გვასწავლის, რომ ნაციონალური იდეების გარეშე სახელმწიფოები არც დაარსებულან და არც განვითარებულან.

წინა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ კი ერქვა, მაგრამ, რეალურად ის პარტია უფრო პოსტსაბჭოთა საქართველოს რეფორმირება-ტრანსფორმაციაზე იყო ორიენტირებული და როგორც ჩანს, ამაში ხედავდა თავის ნაციონალურ იდეას.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი „კონსერვატორები“ კი ამბობენ კონსერვატორები ვართო, მაგრამ მათი კონსერვატიზმი ჩიხტიკოპების ჩაცმის იქეთ რომ არ წასულა, გვახსოვს.

არც „ლეიბორისტები“ აღმოჩნდნენ ბრიტანული ტიპის „ლეიბორისტები“. პარტიათა უმრავლესობა „დემოკრატობას“ იჩემებდა, მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით ისეთი ვითარება გვაქვს, როგორც ებრაელებმა იციან თქმა - „აქ დემოკრატიას ღამეც არ გაუთევია.“

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რამდენიმე წლის წინ აღმაშენებლის პროსპექტზე ვიხილეთ „ქართველი ფაშისტებიც“ კი, რომელთა ლიდერმა კითხვაზე უმსახურია თუ არა ქართულ ჯარში თქვა - „დედისერთა ვარ და ამის გამო ჯარში არ გამიწვიესო.“ მახსოვს, კარგა ხანს ხუმრობდა ხალხი იმაზე, რომ თურმე, „დედისერთა ფაშისტიც“ გვყოლია.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ასპარეზზე გამოსული პოლიტიკური პარტიების სახელწოდება არ შეესაბამებოდა პარტიათა სახელწოდებას?

- რამდენიმე კვირის წინ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა ხელახლა გამოსცა მწერალ ნაირა გელაშვილის რომანი „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“. რომანში დაწვრილებით არის განხილული ვასილი ველიჩკოს, გავლენიანი იმპერიული მოღვაწის, დაკვირვებები ქართველთა პოლიტიკურ ქცევებზე.

ველიჩკო წერდა: „ქართველები არაპოლიტიკური ხალხნი არიან, მაგრამ ახასიათებთ ნერვიული მიდრეკილება პოლიტიკური ცხოვრების სპორტული და თეატრალური ფორმებისადმი“.

სამწუხაროდ, ორმა საუკუნემაც კი არ შეცვალა ქართველთა პოლიტიკური განწყობები. ჩვენ ფორმები, თეატრალური პერფორმანსები, სპორტული ჟინით ერთმანეთთან პაექრობა უფრო გვაინტერესებს, ვიდრე შინაარსობრივი დისკუსიები. სადაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი, იქ შეუძლებელია რომელიმე იდეურმა მიმართულებამ სერიოზული დატვირთვა შეიძინოს.

სამწუხაროდ, ორმა საუკუნემაც კი არ შეცვალა ქართველთა პოლიტიკური განწყობები. ჩვენ ფორმები, თეატრალური პერფორმანსები, სპორტული ჟინით ერთმანეთთან პაექრობა უფრო გვაინტერესებს, ვიდრე შინაარსობრივი დისკუსიები. სადაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი, იქ შეუძლებელია რომელიმე იდეურმა მიმართულებამ სერიოზული დატვირთვა შეიძინოს

ჩვენ 30 წელია ვუყურებთ თეატრს, 30 წელია ვაკვირდებით შეჯიბრებას რინგზე, სადაც პოლიტიკის, პოლიტიკური ხედვებისა და მათი აღსრულებისთვის თანმიმდევრული შრომის დრო და ადგილი არ რჩება.

ასეთ პირობებში კონსერვატიულ ფლანგზე ძალებს იკრებენ არა ზომიერი, კონსტრუქციული და დემოკრატიული ძალები, არამედ ევროსკეპტიკური მოძრაობები. დიალოგზე, სხვისი არგუმენტების მოსმენაზე უარის თქმა სპობს სივრცეს ზომიერებისათვის

- შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობენ ლიბერალური ლოზუნგებით, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ბუნებით კონსერვატორია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ანტიამერიკულები ან ანტიევროპულები არიან.

ის, რომ კონსერვატიული განწყობები საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამ ფლანგზე კი ვერც ერთ პოლიტიკურო ძალის აქტიურობა არ ჩანს.

არ ვგულისხმობ იმას, ვინ ამას წინათ საქართველოს „ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა მოითხოვა და ვითარებაში, როცა ქვეყანა საკუთარ ასანთს ვერ იშვებს, „ სუვერენულ ეკონომიკაზე“ გადასვლა მოითხოვა.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი - პროდასავლურმა ლიბერალურმა ძალებმა ლიბერალიზმზე დაფუძნებული კონსერვატიული იდეები და განწყობები რატომ დაივიწყეს და რატომ დაუთმეს საზოგადოების ამ განწყობების ხალხი აშკარად ანტიდასავლურ ძალებს?

- სამწუხაროდ, ქართველი ლიბერალები ყოველ ნაბიჯზე ავლენენ ავტორიტარულ ტენდენციებს. მათ ნაწილს პრეტენზია აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. შესაბამისად, არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მოსმენა და ატანა, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა თუ შეხედულებების მქონე ჯგუფებთან თანაარსებობა.

ისინი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მტრად აღიქვამენ, არიან მუდმივი, უწყვეტი მონოლოგის რეჟიმში, არ შეუძლიათ დიალოგში მონაწილეობა, კომპრომისზე წასვლა. ბუნებრივია, ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს ქვეყნის ორ პარალელურ საზოგადოებად დაყოფას, სადაც სხვადასხვა ბანაკში აღმოჩენილი ძალების უარს ამბობენ ერთმანეთთან მსჯელობაზე.

ცხადია, ასეთ პირობებში კონსერვატიულ ფლანგზე ძალებს იკრებენ არა ზომიერი, კონსტრუქციული და დემოკრატიული ძალები, არამედ ევროსკეპტიკური მოძრაობები. დიალოგზე, სხვისი არგუმენტების მოსმენაზე უარის თქმა სპობს სივრცეს ზომიერებისათვის.

30 წელია ვაკვირდებით შეჯიბრებას რინგზე, სადაც პოლიტიკის, პოლიტიკური ხედვებისა და მათი აღსრულებისთვის თანმიმდევრული შრომის დრო და ადგილი არ რჩება

ცალკე პრობლემაა ის, რომ ქართველ ლიბერალებს არ სურთ ადგილობრივი რეალობის, ადგილობრივი პირობების გათვალისწინება, ქვეყნის ისტორიული გამოცდილებისა და სოციალური სტრუქტურისთვის ანგარიშის გაწევა, რაც წარმოქმნის უფსკრულს რიგით მოქალაქეებსა და ლიბერალურ კლასს შორის.

მგონი, ქართველი ლიბერალები ხალხისგან დისტანცირებაში პრობლემას ვერც ხედავენ. პირიქით, ამგვარად უსვამენ ხაზს თავიანთ უპირატესობას, გამორჩეულობას და თან თვითკმაყოფილებიც არიან.

- ბოლო პერიოდში აშკარად გააქტიურებული არიან ღიად პრორუსული და ანტიდასავლური ძალები.

თუ აქამდე ღიად პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები გარკვეულ უხერხულობას გრძნობდნენ, ახლა ვხედავთ, რომ ამ ფრთაზეც დიდი კონკურენციაა. ზოგი მათგანი აცხადებს, რომ ევროკავშირი უნდა, მაგრამ აშკარად იმ ლოზუნგებით აპელირებს, რომელიც კრემლის გზავნილებს რომ ემთხვევა.

ვითარებაში, როცა რუსეთმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში დამნაშავე აშშ და ევროპაა.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს და ნიშნავდეს ბოლო პერიოდში ჩვენში პრორუსული განწყობების ზრდა?

- სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხედავ საზოგადოებაში პრორუსული განწყობების ზრდას. უკანასკნელი კვლევები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის 90% საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა. საქართველოში ღიად პრორუსულ ძალებს წარმატების შანსი არ აქვთ.

თუ ადამიანები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს აანალიზებენ და ცდილობენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების შეცდომები გაიაზრონ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რუსეთის რომელიმე ქმედებას ამართლებენ.

თუ ადამიანები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს აანალიზებენ და ცდილობენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების შეცდომები გაიაზრონ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რუსეთის რომელიმე ქმედებას ამართლებენ

თუმცა, იმაში გეთანხმებით, რომ ადამიანები შიშით უყურებენ ჩვენი რეგიონის მომავალს, ხედავენ უკრაინის ტანჯვასა და ბრძოლას, არ უნდათ იმავეს ნახვა თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში, და ამიტომ შიშისგან ხანდახან მცდარი მოსაზრებების მოსმენაც სიამოვნებთ. ამ შიშს კი სათავისოდ იყენებენ პოპულისტური ძალები.

ადამიანები შიშით უყურებენ ჩვენი რეგიონის მომავალს, ხედავენ უკრაინის ტანჯვასა და ბრძოლას, არ უნდათ იმავეს ნახვა თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში, და ამიტომ შიშისგან ხანდახან მცდარი მოსაზრებების მოსმენაც სიამოვნებთ. ამ შიშს კი სათავისოდ იყენებენ პოპულისტური ძალები

- ბოლო 30 წელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საზოგადოებაში კონსენსუსი რეალურად არსებობდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ასე არაა. ბევრი ამის მიზეზად მმართველი გუნდის მხრიდან ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკას ასახელებს.

თუ ხელისუფლებამ გააგრძელა ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკის ტირაჟირება, 2024 წლის არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, რა შედეგი შეიძლება გვქონდეს საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით?

- ბევრი რამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება გაიზარდოს ევროსკეპტიკური განწყობები, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ მათი რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს.

თუმცა, ანტიამერიკული და ანტიდასავლური ხმები მაინც საჭირო და აუცილებელი შენაძენი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა