ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ უმრავლესობას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისა და ასევე, მის მიღებამდე, ეუთო/ოდირის შეფასებების დალოდებისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ უმრავლესობას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისა და ასევე, მის მიღებამდე, ეუთო/ოდირის შეფასებების დალოდებისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიზანი ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟია.

წითლიძის თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოსგან ქმედით საარჩევნო რეფორმას ითხოვენ, რაც 12 -პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული.

"მაშინ როცა ხელისუფლების მთელი ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ უნდა იყოს მიმართული, დაგეგმილი ცვლილებით "ქართული ოცნება" პროცესს საბოტაჟს უცხადებს. ცენტრალური და საოლქო კომისიები ისედაც "ქართული ოცნების" მიერ კონტროლდებოდა. კონტროლდებოდნენ ე.წ. დამოუკიდებელი წევრებიც, რომლებიც პირდაპირ "ქართული ოცნებიდან" ინიშნებოდნენ. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით "ქართული ოცნება" 0.1% შანსსაც კი არ ტოვებს, რომ ცენტრალური და საოლქო კომისიები დამოუკიდებელი იყვნენ.

ვიღებთ იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად არიან "ქართული ოცნების" შტაბები და არა დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანიზაციები, ხელისუფლებას მათი 100%"-იანი კონტროლის საშუალება ექნება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა საქართველოში ყოფნისას