10-12 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციაში იქნებიან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი კრისტიანე ლაიბახი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანიის DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მონიკა ბეკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის კორპორაციული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ვერენა კიოტკერი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერონიკა გარსია დელ არკო.
„დელეგაციის წევრები ასევე არიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად გააშუქებენ დელეგაციის საქართველოში ვიზიტს. გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოში 1993 წლიდან არის აქტიური და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სტუმრობის მიზანია იმ პროექტების დათვალიერება, რომლებსაც საქართველოში გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ახორციელებს, ისევე როგორც ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ელჩთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც სტუმრები დაათვალიერებენ ენერგო ქსელების ცენტრალურ სამართავ სისტემას და იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ენერგოდამოუკიდებლობა, განახლებადი ენერგიები და ქართული ელექტრო სექტორის როლი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს.
საუბარი გაიმართება რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბიომრავალფეროვნების კუთხით. დელეგაციების წევრები გაეცნობიან ქალაქის საგზაო საკომუნიკაციო ქსელის გეგმასა და საგზაო მიმოსვლის ამჟამინდელ მდგომარეობას. სტუმრები ასევე ეწვევიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.