ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია.
„ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, რუსეთი დრამატულ მარცხს განიცდის, უკრაინა კი წარმატებით უწევს მას წინააღმდეგობას.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში დღეს, „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ჩავიდა.