იაპონია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს

იაპონია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნული მოლაპარაკების მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებს, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.
„ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, მაგრამ დეტალები ჯერ არ დასრულებულა”, - განაცხადა ჰაიაშიმ.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, იაპონიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შემთხვევაში, ეს პირველი მსგავსი ოფისი იქნება აზიაში.
„რაღაც, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით არ შემოისაზღვრება და ის პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ ვითარებაზე. ამიტომაც თანამშრომლობა ნატო-სა და ჩვენს, აღმოსავლეთ აზიას, შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - აღნიშნა ჰაიაშიმ.

























