მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შეიხ ხალიდ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით დაგეგმილ მსოფლიო კომუნალური საწარმოების კონგრესზე - World Utilities Congress 2023 მონაწილეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება გააკეთა პანელზე „Global Ministerial Dialoues”, სადაც გლობალური ენერგეტიკისა და კომუნალური ინდუსტრიების სამომავლო განვითარების მიმართულებები განიხილებოდა.
„რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პარალელურად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების კუთხით.
აგრეთვე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა სისტემების გამოყენებაზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვას დაბალი მოთხოვნილების პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა დაგროვილი ენერგია გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია.
კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობა დაასახელა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, მათ შორის, წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება, როგორიცაა შენობის იზოლაციის გაუმჯობესება, განათების სისტემების განახლება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება, შეიძლება ენერგიის საერთო მოთხოვნის შემცირებას დაეხმაროს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება კერძო სექტორის წახალისებაზე გაამახვილა, რათა მათ სუფთა ენერგიის წარმოებაში მეტი ინვესტიცია განახორციელონ. რომეო მიქაუტაძემ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაზე ისაუბრა, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობითვე, პანელის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გლობალურმა პროექტმა გამოიწვია, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით დაუკავშირდება.
„ჩვენ წლის ბოლომდე გვექნება შედეგები და ვვარაუდობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და მის განხორციელებაში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.