ვასო ურუშაძე - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ უნდა გამოიყენებოდეს - სახელმწიფოებრივ ინტერესში შედის დასავლური სანქციების ეფექტიანობა მაღალი იყოს, ხელისუფლება კი საპირისპიროს აკეთებს

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ უნდა გამოიყენებოდეს, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესში შედის დასავლური სანქციების ეფექტიანობა მაღალი იყოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი საპირისპიროს აკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით კვლევის „რუსეთზე დაწესებული სანქციების ეფექტიანობა და პარალელური ექსპორტის შედეგები“ პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა როლი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებში და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს დასავლური სანქციების ეფექტიანობის გასაზრდელად.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები, ბიზნეს ასოციაციები, ეკონომიკის და უსაფრთხოების ექსპერტები, მედია მკვლევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიაში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიიღეს.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვიეს რეგიონულ ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. 2022 წლის მარტიდან, სახეზე იყო სანქციების რეალური ეფექტი, კერძოდ აპრილში დასავლური ქვეყნებიდან 70–80% ით შემცირდა ექსპორტი რუსეთში. 2022 წლის, მაისიდან კი პარალელური ექსპორტის ამოქმედების შედეგად, რუსეთმა მესამე ქვეყნების გამოყენებით იმპორტის აღდგენა დაიწყო. ფაქტობრივად 2022 წლის სექტემბრიდან, რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა დაუბრუნდა პირვანდელ, სანქცირებამდე ნიშნულს. 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, ევროკავშირმა ჯამურად 4.3 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა ექსპორტი რუსეთში, ანალოგიურად შეამცირა. აშშ-მ - 0.5 მილიარდი აშშ დოლარით, იაპონიამ - 0.4 მილიარდი აშშ დოლარით, რამაც იქონია დადებითი ეფექტი.

სანქციების შედეგად ბაზრებზე იმპორტირებული საქონლის დეფიციტი, რომ არ წარმოქმნილიყო, რუსეთი იძულებული გახდა პარალელური ექსპორტის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელმა მწარმოებლებმა უარი თქვეს პროდუქციის რუსეთის ბაზრებზე შეტანაზე, რუსეთის მთავრობამ საკუთარ კომპანიებს ნება დართეს გამოეყენებინათ პარალელური იმპორტის სქემა, რაც ნიშნავს, ბრენდების თანხმობის გარეშე, ოფიციალური დილერების გვერდის ავლით, საქონლის ქვეყანაში იმპორტს.

რუსეთმა შემცირებული ექსპორტის დეკომპენსირება ზუსტად ერთ წელიწადში მოახერხა, კერძოდ: ჩინეთის 1.8 მილიარდი აშშ დოლარი, ბელარუსის 0,8 მილიარდი აშშ დოლარი, თურქეთის 0.6 მილიარდი აშშ დოლარი, სომხეთის 0.3 მილიარდი აშშ დოლარი, ყაზახეთის 0.2 მილიარდი აშშ დოლარი, უზბეკეთის 0.1 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მისივე თქმით, EBRD-ის კვლევით „სავაჭრო ნაკადები რუსეთში კავკასიის და ცენტრალური აზიის გავლით“ დასტურდება, რომ ევროკავშირიდან მცირდება რუსეთის ექსპორტი, პარალელურად იზრდება ევროკავშირიდან სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და ყირგიზეთში ექსპორტი მაჩვენებლები.

„EBRD-ის კვლევით ასევე დასტურდება, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების სავაჭრო კავშირები და სატრანსპორტო დერეფნები, რიგ შემთხვევებში გამოყენებულია, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში პარალელური ექსპორტის განსახორციელებლად.

კვლევაში მოყვანილია მრავალი მაგალითი: ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა სრულად ემთხვევა, ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ კვლევებს. საქართველოს ექსპორტი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით სომხეთთან 2.3 ჯერ არის გაზრდილი, რუსეთთან 1.8 ჯერ, ყაზახეთთან 2.5 ჯერ, ყირგიზეთთან 3 ჯერ, ამასთან ამავე ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის 80–90% რეექსპორტს წარმოადგენს. საქონელბრუნვის კანონზომიერებიდან გამომდინარე, ეკონომიკას არ ახასიათებს ასეთი საფეხურებრივი ზრდა, კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ სახეზეა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება, რუსეთში პარალელური ექსპორტის განსახორციელებლად. კვლევამ წარმოაჩინა, საქართველოს დერეფნით სანქცირებული ტვირთების გატარება, კერძოდ საქართველოდან 847130 კოდის გამომთვლელი მანქანების ექსპორტმა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 62-ჯერ არის გაზრდილი.

ევროკავშირი აქტიურად მუშაობს პარალელური ექსპორტის შეჩერების ღონისძიებებზე, მაგალითისთვის, 2023 წლის მარტში თურქეთმა შეაჩერა სანქცირებული ტვირთების რუსეთის მიმართულებით ტრანზიტი. საბაჟო სისტემამ მათი გაფორმება დაბლოკა, თუმცა ბაზრის მონაწილეებმა ალტერნატიული მარშრუტების ძებნა დაიწყეს. ასევე ყაზახეთმა განაცხადა, რომ სატრანზიტო ტვირთებზე დააწესებს ელექტრონული კონტროლის სისტემას. ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს, რუსეთის პარალელური ექსპორტის შეზღუდვის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დრომდე დუმს, რითაც ხელს უწყობს რუსეთზე დაწესებული სანქციების არაეფექტიანობას და ტოვებს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო