პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეების განცხადებას, რომ „პარტიის მითვისების და მიტაცების პროცესი მიმდინარეობს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეების განცხადებას, რომ "პარტიის მითვისების და მიტაცების პროცესი მიმდინარეობს".

როგორც მან შიდაპარტიულ არჩევნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პარტიის წევრები და მხარდამჭერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში.

„არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები. შიდა დემოკრატიული პროცესი მიდის. ჩვენი მხარდამჭერები, პარტიის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს თავმჯდომარე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში.

პარტიაში არჩევნებია, ზოგ მუნიციპალიტეტში ტარდება, ზოგან თითო კანდიდატია იმიტომ, რომ ამ კანდიდატს არ დაუპირისპირეს საკუთარი კანდიდატურა, მათი გადმოსახედიდან, შიდა მუნიციპალური შეფასებით, ისინი თვლიან, რომ უკონკურენტოა ესა თუ ის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აქამდე თავმჯდომარედ მუშაობდა. ჩვეულებრივი პროცესია. ბევრი რაიონია, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელიას უჭერდა მხარს, თუმცა კონკურენტი არავინ დაუყენა, თვლიან, რომ იმ ოლქისთვის უპირობო ლიდერია, მას ენდობიან და მისი იმედი აქვთ, რომ პარტიას გააძლიერებს. რაიონებში ეს ხალხი ინიშნებოდა თავმჯდომარის მიერ, ჩვენ კი უფრო მეტად გახსნილი გავხადეთ პროცესი და დანიშვნის მაგივრად ადგილზე აირჩევენ თავმჯდომარეს",- აღნიშნავს ცისკარიშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს ზეწოლაზე საუბრობენ, ცისკარიშვილი განმარტავს: "არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".

ცნობისთვის, ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასთან პარტიის მოქმედი მენეჯმენტი იყო მისული და უთხრეს, რომ თანამდებობიდან უნდა წასულიყო, რადგან ის ნიკა მელიას მხარდამჭერი იყო.

„დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის "ახალი მენეჯმენტის" დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ 5 დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა "დანიშნეს" პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს - ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი. თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან - რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე",- წერს ჯიშკარიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს