ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული პირველი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელმა, ზაზა გოგოტიშვილმა.

„გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და რატომაც არა, საქართველოსთვის ისტორიული დღე დადგა. დღე, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, რადგან ეს იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი და ჩემი პერსონალური მისია იმ შესანიშნავ გუნდთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მუშაობს - ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება. იწყება ჯადოსნური და ყველასთვის ცნობილი მაჩაბლის დარბაზის აღდგენით, პროცესს კი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ანაგი“ განახორციელებს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია.

„ეს ისტორიული დარბაზი ერთ-ერთია ბიბლიოთეკის იმ დარბაზებიდან, რომლებიც წლებია მკითხველისთვის დაკეტილია და აღდგენას ელოდება.

ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.) როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა.

შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით - ეკლექტიკური სტილით.

ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტექტურა.

ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო.

მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი.

ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება