საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი გააცნეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი გააცნეს

სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი სერვისი გააცნო, რომლის მიზანია, ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, რაც თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სერვისების შექმნა ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება ბიზნეს სექტორს ეფექტიან ოპერირებაში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.