ევგენი ჟუკოვი - საქართველო, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ კარგად არის მომზადებული რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური რისკების დასაზღვევად

„აზიის განვითარების ბანკის“ 56-ე წლიური შეხვედრა ქალაქ ინჩეონში გაიმართა. შეხვედრაზე „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატისთვის ინოვაციური ფინანსური პროგრამის იფ-კაპის (IF-CAP) შექმნის შესახებ განაცხადა,

რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს რეგიონს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაში ქართული მხარეც მონაწილეობდა. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ამასთან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.

რა რეკომენდაციები აქვს აზიის განვითარების ბანკს, რა პროექტების განხორცილებას გეგმავს საქართველოში, როგორ აფასებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და რისკებს. ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ევგენი ჟუკოვს და აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში კამელ ბუმადს ესაუბრა.

საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და აქვს პოტენციალი, გახდეს ვაჭრობისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ცენტრი. როგორც ვიცით, აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. ორი მსხვილი მიმდინარე პროექტია ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალები. გარდა ამისა, რა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას გეგმავს ADB?

ევგენი ჟუკოვი: ჩვენ გვაქვს რიგი მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო გახდა მაღალი კატეგორიის საშუალო შემოსავლების ქვეყანა, ვფიქრობ ხელისუფლებას სულ უფრო ნაკლები ინტერესი აქვს მცირე პროექტების მიმართ და სურს დააფინანსოს მსხვილი პროექტები, რომლებსაც ექნება ტრანსფორმაციული გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ახლა ვამზადებთ ჩვენს შემდგომ პარტნიორობის სტრატეგიას, რომელიც მომდევნო ხუთ წელს მოიცავს და, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის საკვანძო პრიორიტეტი კლიმატური ცვლილებები იქნება და ეს პრიორიტეტი გავრცელდება მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.

ახლა ჩვენ და ასევე ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებასთან მსხვილ ტრანსფორმაციულ პროექტებთან დაკავშირებით ადრეული მოლაპარაკების პროცესში ვართ. ერთ-ერთია შეთავაზება წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტია საქართველოსა და რუმინეთს შორის. სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი გამოხატავს ინტერესს ამ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, როდესაც პროექტი მზად იქნება დასაფინანსებლად, მასში მონაწილეობის დიდი ინტერესი იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს აქტიური დისკუსია არის ანაკლიის პორტი. შუა დერეფნის სატრანზიტო მიმოსვლის ზრდის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალურია ამ ობიექტის განვითარება.

როგორც ვიცით, მთავრობა ასევე განიხილავს პროექტებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მდებარეობის გათვალისწინებით, შემდგომი ჰიდროენერგეტიკული რესურსების განვითარება ლოგიკური იქნება. ასე რომ, როგორც კი გვექნება უფრო კონკრეტული წინადადებები, სიამოვნებით განვიხილავთ.

არსებობს გარკვეული ეჭვები აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ხარისხთან დაკავშირებით - ამ პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების სიმცირეზე არის საუბარი. როგორ აკონტროლებს ADB ამ სახის მოულოდნელ სირთულეებს?

ევგენი ჟუკოვი: ჩვენ არ ვაფინანსებთ მთელს აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალს. სხვადასხვა პარტნიორები ფარავენ პროექტის სხვადასხვა ნაწილს. მე მქონდა შესაძლებლობა, დამეთვალიერებინა სამუშაოები, რომლებიც შესრულდა ჩვენი გზის მონაკვეთებზე. შემიძლია გითხრათ, მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის პროგრესმა. ჩემი ინფორმაციით, ჩვენს მიერ დაფინანსებული გზის ნაწილზე პრობლემები არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებით დასრულდება.

კამელ ბუმადი: პროექტი გადის რთულ რელიეფზე, რთული გეოლოგიური პირობებია და გვესმოდა, რომ საკმაოდ სარისკო იქნებოდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რისკების შესამცირებლად - გავიარეთ სკრინინგის ყველა ეტაპი, კონსულტაციები, გაკეთდა საჭირო კვლევები, და მიმდინარეობს მშენებლობის მუდმივი ზედამხედველობა. ჩვენს მიერ დაფინანსებულ ორ მონაკვეთზე მეწყერი არ ჩამოწოლილა.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ADB აფინანსებს სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის, განათლებისა და ქალაქების განვითარების ზოგიერთ პროგრამას საქართველოში. ასევე წელს ADB-ის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებაზე. რომელი პროექტები იქნება ADB-ის პრიორიტეტი?

კამელ ბუმადი: ჩვენს სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სოფლის მეურნეობის პროექტებს და დიდი აქცენტი გვაქვს გადატანილი კახეთის „ჭკვიანი“ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ასევე ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ქვემო სამგორის მთავარი არხის მოდერნიზაციაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალიან ბევრ წყალმომარაგების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია დაახლოებით 11 პროექტზე. რა თქმა უნდა, საქართველო აქტიურად იქნება ჩართული კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლასთან დაკავშირებულ პროექტებშიც.

ADB-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 4,5%-მდე შენელდება, რუსეთის ფედერაციიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვის გათვალისწინებით. როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოსთვის ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც უნდა გადალახოს წელს და როგორ გეგმავს ADB ამ მიმართულებით ქვეყნის მხარდაჭერას? რა არის მთავარი ეკონომიკური რისკები რუსეთ-უკრაინის ომის თვალსაზრისით?

ევგენი ჟუკოვი: მე ვისაუბრებ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად რეგიონის ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის, რუსეთის ფედერაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი, როგორც საქონლის, ისე სერვისებით ვაჭრობისთვის, მაგალითად როგორიც ტურიზმია. ასე რომ, თუ ეს კონფლიქტი უკრაინაში გაგრძელდება და რუსეთზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო მკაცრი გახდება, ადრე თუ გვიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ეკონომიკის შეკუმშვა. როგორც წესი, როდესაც მსგავსი რამ ხდება, როგორც ეს მოხდა 2008 და 2012 წლებში, ყველა მეზობელ ქვეყანას, რომლებიც ამ ქვეყანასთან ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ექმნება გარკვეული სირთულეები. თუმცა საქართველოს მთავრობა უკვე დგამს საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეგიონის სხვა ქვეყნებთან და რეგიონის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ურთიერთობების და სავაჭრო მარშრუტის დივერსიფიკაციისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ კარგად არის მომზადებული.

კამელ ბუმადი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი ადრეული ზომები, გაატარა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, მიიღო ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ზომები და ბოლო პროგნოზებით, ის 4% -მდე შემცირდება. ასევე მთავრობა გეგმავს ამ სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას, რაც მისასალმებელია.

თუმცა არის რამდენიმე ელემენტი, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ერთ-ერთია შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესება. ეს არის სტრუქტურული გამოწვევა. აგრეთვე შოკების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესება. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს პროგრამა, რომელიც მთავრობასთან არის კოორდინირებული. და ბოლოს, მნიშვნელოვანია ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაცია, უფრო მეტ სერიოზულ რეგიონულ თანამშრომლობაში ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა კარგად მუშაობს, საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა და განვითარების გასაგრძელებლად, ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული რეგიონალურ თანამშრომლობაში.

რა არის ძირითადი საოპერაციო გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ADB საქართველოს განვითარების მიზნების მხარდასაჭერად. როგორ მუშაობს ის საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ამ გამოწვევების გადასალახად?

ევგენი ჟუკოვი: როგორც იცით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული და მზარდი პორტფელი, დაახლოებით 1,7 მილიარდი სახელმწიფო სექტორის მხარეს და დაახლოებით 650 მილიონი კერძო სექტორის მხარეს, ბოლო დროს განხორციელების კუთხით სირთულეები არ შეგვხვედრია. დარგობრივი სამინისტროები, რომლებთანაც ვმუშაობთ საკმაოდ ქმედუნარიანია. თანამშრომლობა ძალიან მოქნილი იყო და ჩვენ კმაყოფილი ვართ შესრულების ხარისხითაც. კერძო სექტორს რაც შეხება, ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ინტერვენციას, ვაძლევთ საკრედიტო ხაზებს საბანკო და არასაბანკო ინსტიტუტებს - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ახლახან, როგორც წამყვანმა ინვესტორებმა დავიწყეთ მონაწილეობა ობლიგაციების გამოშვებაში, მათ შორის მწვანე და ასევე გენდერული ობლიგაციების. ამ ტიპის პროდუქტებით საქართველო ნამდვილად წინა რიგებშია რეგიონში. არის ინტერესი რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, რომ გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება. ამ ობლიგაციებიდან ზოგიერთი ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ირლანდიაშია განთავსებული. ჩვენ ამ დაფინანსების უმეტესობას ადგილობრივ ვალუტაში, ლარში ვაძლევთ.

აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კლიმატურ ცვლილებებეთან ბრძოლა და იმ რისკების გათვალისწინებაა, რაც დიდ პროექტს შეიძლება ჰქონდეს კლიმატზე, ნიშნავს თუ არა ეს აუცილებლად, რომ ამ პროექტის განხორციელება შეიძლება უფრო ძვირი გახდეს? როგორ უნდა მოხდეს კლიმატური რისკების დაზღვევა?

ევგენი ჟუკოვი: ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების მკაცრი პოლიტიკა, რომელიც რეალურად მოიცავს მთელ რიგ სტანდარტებს, დაწყებული ბიომრავალფეროვნებიდან - დაბინძურებამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შრომითი უსაფრთხოება. ნებისმიერმა პროექტმა, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, უნდა გაიარონ ეს სკრინინგი. ეს ანალიზი ხდება ადრეულ ეტაპზე. მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებით, ეს იყო ძალიან აქტუალური თემა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. დიახ, აქ არის რეალურად რისკები, რომლებიც ნებისმიერ ფართომასშტაბიან პროექტს აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია შეფასების საკითხი, რომ შევძლოთ რისკების შერბილება და საბოლოოდ მათი თავიდან აცილება. სწორად ამას ვუწოდებთ ჩვენ მედიაციას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს