მარიამ ქვრივიშვილი პარაგლაიდინგის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პარაგლაიდინგის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის მთავრობის მიერ მომზადებული რეგულაციები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ესწრებოდნენ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი საქართველოს მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ნორმატიული აქტი ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს.

„შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა ის წესები, რომლებიც საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას, ამ პროცესის კონტროლის უზრუნველყოფას და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებს გულისხმობს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს მიიღებენ.

მნიშვნელოვანია, რომ მფრინავებისთვის ფრენის კატეგორიის მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს. ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც სერტიფიკატი მოიპოვეს.

საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია“ განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა