საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა და ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს - აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

შემდგომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.

„ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.

შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
ახალ სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორატიული მომხმარებლებისთვის