საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართ დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ონკოლოგიური მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს "ეს კა იმპექსი" მოპასუხე მხარედ ჩაერთო.
„შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ - სს „გეფას“, პს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს "ეს კა იმპექსი" აწარმოებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.
2023 წელს, უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი) დაადგინა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.