მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო აღავლენს.
„დღეს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული და აგრეთვე, ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლა. მოგეხსენებათ, მოციქულებმა ყარეს წილი, თუ ვინ, რომელ ქვეყანაში წავიდოდა საქადაგებლად და ქრისტიანობის გასავრცელებლად. წილისყრაში მონაწილეობა მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც, რომელსაც წილად ხვდა სწორედ საქართველოში ჩამოსვლა და ქადაგება, მაგრამ ღვთის განგებით, მას ეცხადება ანგელოზი და ატყობინებს, რომ მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი არის მოსული და მის მაგივრად, საქართველოში საქადაგებლად უნდა ჩამოვიდეს ანდრია მოციქული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიდებს სახეზე ფიცარს, რომელზეც აღიბეჭდება ხატი ყრმა იესოსთან ერთად და ეს იქნება გზის მაჩვენებელი ანდრია მოციქულისთვის. სწორედ ეს ხატი იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ანდრია მოციქული აქ დააარსებს სამოციქულო ეკლესიას. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს!" - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.
ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"