თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნება“ ყოვლისმომცველს ხდის ჩვენ ურთიერთობას რუსეთთან და მთელ ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს

„ქართული ოცნება“ ყოვლისმომცველს ხდის ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან და მთელ ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცეცხლს ეთამაშება რუსეთში სანქცირებული ტვირთის შეტანაში თანამონაწილეობით და მეორე მხრივ - ქართული ექსპორტი მიზანმიმართულად სრულად ხდება დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

„მხოლოდ 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაზრდილია 61%-ით. ტრადიციულ სექტორებში, როგორიცაა ღვინო და ფეროშენადნობები, მატება საშუალოდ 40-50%.

ამ სექტორებს ემატებათ ახალი საექსპორტო პოზიციები, მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ექსპორტიც 9500% გაიზარდა.

უმნიშვნელოვანესი სეგმენტი უჭირავს ისეთ პროდუქტს, როგორიცაა - ვისკი, ბრენდი, ტეკილა და სხვა სპირტიანი სასმელები, რომელთა გატანაც 160%- ით გაიზარდა, ამ უკანასკნელის ზრდა, პრემიუმ სეგმენტის დასავლური სასმელების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა.

ეს რიცხვები საგანგაშოა და ერთდროულად ორი დასკვნის საშუალებას იძლევა: ერთის მხრივ იმის, რომ საქართველოს მთავრობა ცეცხლს ეთამაშება რუსეთში სანქცირებული ტვირთის შეტანაში თანამონაწილეობით და მეორე მხრივ იმის, რომ ქართული ექსპორტი მიზანმიმართულად სრულად ხდება დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

ჩვენ რუსებს ფაქტობრივად ვუბრუნებთ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ყოფით მანიპულირების საშუალებას. ამას კი კარგად ვიცით, რომ არაფერი კარგი არ მოუტანია.

უმძიმესი ვითარება გვაქვს რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებულების კუთხით. რუსულმა საწვავმა საქართველოს ბაზრის 70% დაიპყრო, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის100% რუსული წარმოშობისაა. საქართველოში უკვე მძლავრ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს 100 000 ემიგრირებული რუსი, რომელსაც უკვე 15 000-ზე მეტი კომპანია აქვთ დარეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში.

შედარებისათვის, თუ 2022 წლის მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა განახევრდა. ევროკავშირმა დაახლოებით, 44 მილიარდი ევროს მოცულობის საქონლის გატანა აკრძალა რუსეთში, ხოლო 95 მილიარდის შემოტანა.

ევროკავშირმა მაქსიმალურად მოახდინა ბაზრების დივერსიფიცირება და თითქმის სრულად თქვა უარი რუსულ გაზზე, ნავთობსა და სხვა წიაღისეულზე.

ამიტომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ცალმხრივად დაუწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციას და არ გახსნას ფრენები, რადგან ეს ჩვენს სახელმწიფოს სანქცირების და შემდეგი ესკალაციის რისკის ქვეშ აყენებს“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი, რომლის განცხადებასაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო