შემოსავლების სამსახურმა AEO-ს ახალი სტატუსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გააცნო

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანიების ახალი სტატუსის შესახებ ისაუბრეს და BAG-ის წევრ კომპანიებს სიახლეები გააცნეს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორებისთვის.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი აღიარებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ვაჭრობაში. ხაზგასასმელია, რომ AEO-ს სტატუსის მქონე ბიზნესები მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. ასევე, საგულისხმოა, რომ სტატუსის მფლობელისათვის შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეღავათებით ისარგებლოს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მიღწეული იქნება შესაბამისი ურთიერთაღიარების შეთანხმებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზენტაციის დასასრულს, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები, რის შემდეგაც, გაიმართა დისკუსია.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

„დღეს უწყების წარმომადგენლებმა ბიზნესს გააცნეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი, რომელიც კომპანიებს შეუმსუბუქებს საბაჟო პროცედურებს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ საქმიანობას. მივესალმებით, ასეთ სერვისებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი იმპლემენტაცია ეფექტიანად განხორციელდება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს