საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, სტუდენტ ლუკა მაისურაძეს დოჰაში (ყატარი) გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდეს გამარჯვებას - ოქროს მედლისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ლუკა მაისურაძე დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე, 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ემოციურად დატვირტული აღმოჩნდა გუშინდელი დღე - დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჩვენმა სტუდენტმა, ევროპის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მთელი უნივერსიტეტი, განსაკუთრებით კი, კანცლერი კარლო კოპალიანი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ერთმანეთს ვულოცავდით ლუკა მაისურაძის უდიდეს წარმატებას. მსოფლიო ჩემპიონობა მისი ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და შეუპოვრობის შედეგია და ამ რთულ გზაზე მის გვერდში დგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გვჯერა, ჩვენი სტუდენტი კიდევ არაერთ ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს, სპორტულ კარიერას მრავალი ჯილდოთი გაამდიდრებს და საქართველოს სახელს შორს გაიტანს“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.