მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას“.
გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული ვითარებიდან „დაძრომის მანევრი მოესპო“ და ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში.
„ტრაგიკული პიროვნებაა პირდაპირ. ის ამ განცხადებას რატომაც აკეთებს გასაგებია, იხტიბარი არ უნდა გაიტეხოს. მას გარკვეულწილად აქედან დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში, ფაფხურს, ეს ფაფხურია, მეტი არაფერი არ არის. ის რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს იმიტომ, რომ არ დარჩა სხვა მანევრი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა სხვა? ეს სიტყვებია მხოლოდ, რის უკანაც არაფერია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ რამეს მოახერხებს, რადგან რეალურად ეს პარტია აღარ არსებობს.
„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე - პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.