ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით, „თავისუფლების ინსტიტუტი“ დისკუსიას მართავს.
შეხვედრა ამ წუთებში, „რედისონში“ მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმის პროექტზე იმსჯელებენ.
„დღეს „თავისუფლების ინსტიტუტმა“ დისკუსია დააორგანიზა ნაფიცი მსაჯულების შესახებ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ამოარჩია, ყველა შაბათს ლაზარეს შაბათს ვეძახით. ვიდრე არ გაათავისუფლებენ მას, ასეთ ღონისძიებებს ვაკეთებთ ხოლმე. იმ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება, სასამართლო ნდობას არ იმსახურებს, ერთადერთი შანსი, საშუალება, რომ ხელისუფლების თავგასულობა დავაბალანსოთ და ამისგან მოქალაქეები დავიცვათ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია.
დისკუსიის თემაა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობა და ასევე, მისი განსჯადობის გაფართოების მნიშვნელობა. უახლოეს ხანში, ვითხოვთ, ნაფიც მსაჯულთა უფლება გაფართოვდეს იმ მუხლებზე, რომლითაც განისჯებიან ლაზარე გრიგორიადისი და თორნიკე აკოფაშვილი. შინაარსზე ვმსჯელობთ და მომავალი რეფორმის პროექტს წარვადგენთ. გვინდა, რომ მომავალში ეს უფლება ყველა იმ მუხლზეც გავრცელდეს, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ხვადაგიანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"