დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ.
როგორც მან აღნიშნა, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად.
„მშვიდობისკენ დამარცხებით, უკრაინის [ტერიტორიების] ჩაბარებით ვერ მივალთ, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა მშვიდობისთვის ევროპაში, და პრეცედენტი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ერისთვის. მშვიდობისკენ მხოლოდ მაშინ მივალთ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ქმედებების წარმოებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. გავაგრძელებთ მოსკოვისადმი მიმართვას მოთხოვნით, რომ საბრძოლო ქმედებები შეაჩეროს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, - განაცხადა მელონიმ.
მისი თქმით, იტალია მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, როდესაც კიევი საჭიროდ ჩათვლის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, და რომი მხარს უჭერს ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.