გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ძაღლის ღია სივრცეში - მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
როგორც მან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებით შემოთავაზებულია ჯარიმის გაზრდა 20 ლარიდან 150 ლარამდე, ხოლო თუ პირი განმეორებით ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, სანქცია განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით.
„შემოთავაზებულია ჯარიმის გაზრდა 20 ლარიდან 150 ლარამდე, რაც ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, სანქცია განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით. ამავე კანონპროექტით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები ჩლიქოსანი შინაური ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, პარკებში, სკვერებში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ამგვარი შინაური ცხოველი ანადგურებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მწვანე ინფრასტრუქტურას. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით არ არის შემაკავებელი და აქაც 100 ლარამდე ჯარიმის ოდენობის ზრდა არის შემოთავაზებული. ასევე, 20 ლარიდან 50 ლარამდე თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე გაშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს შინაურ ბინადართა და ცხოველთა ახალ კანონპროექტზე, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში ახლა დაგვეინიცირებინა და არ დავლოდებოდით იმ ძირითად კანონს, რომლის ცვლილებები ასევე იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“,-განაცხადა ბითაძემ.
მისი განმარტებით, დეკორატიული ჯიშის ძაღლები პატრონებს მაინც საბმელით დაჰყავთ და ან ალიკაპი უნდა ეკეთოს ან საბელი.
„ხშირად აშვებული დეკორატიული ძაღლი ხდება ხოლმე მსხვერპლი ასევე აშვებული მეორე, დიდი არადეკორატიული ჯიშის ძაღლისთვის. მგონია, რომ გონიერი პატრონისთვის საბმელიანი ძაღლი უფრო უსაფრთხოა ყველანაირად“,-განაცხადა ბითაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"