სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელსაც ვიღებთ, რევოლუციურია - ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც ჩვენ შემოგვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისინი ვინც ამბობენ, რომ ცვლილებები ფუნდამენტური არ არის, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან ან საკითხში ვერ ერკვევიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომელსაც დღეს ვიღებთ, ეს არის მართლაც რევოლუციური და თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, რადგან ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც შემოგვაქვს ჩვენ. როცა ვინმე ტალახს ისვრის, დააკონკრეტებინეთ, რას გულისხმობს რევოლუციური და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ არ აქვთ ხედვა, კომპეტენცია და საკმარისი არგუმენტები. ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ის სრულად იქნება ასახული. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ცვლილებები არ არის ფუნდამენტური, ის ან ვერ ერკვევა საკითხში ან პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულია,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.