სათაგურში რომ უფასო ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა - გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში. „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანჯგალაძე სანქციების საფრთხეზე საუბრობს.
„რუსეთში ფაქტობრივად, არ არსებობს კომპანია და თვითმფრინავი, რომელიც არ არის სანქცირებული. შესაბამისად, სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა, როგორც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო ნათქვამი, გამოიწვევს ქართული აეროპორტების სანქცირებას. ხომ არის ცნობილი გამოთქმა, რომ ყველი სათაგურშია და სათაგურში რომ უფასო ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა, ფასიანია და ჩვენ გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში და ამერიკაში, თუ სანქციებს დაგვადებენ. ჩვენ მართალია, „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.