პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტია „ლელო“ დღეს პარლამენტის მიმდებარედ მოქალაქეების მიერ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „უარი რუსეთიდან პირდაპირ ფრენებს და ვიზები რუსეთის მოქალაქეებს“ უერთდება.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს.
„ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობა და მოქალაქეები დაცული იყვნენ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მარტივი არჩევანი დადგა, რაზეც პასუხიც ასევე მარტივია, ეს არის ვიზების შემოღება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ნებართვის გარეშე წარმოუდგენელი და გამორიცხულია რუსეთში პირდაპირი ფრენების რეალობაში მიღება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს თანხმობა უკვე გასცა, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მთავარ ნებას და მოცემულობას არ ითვალისწინებს, რომელიც საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზი უნდა იყოს. სავიზო რეჟიმის შემოღების გარეშე, ჩვენ დასავლეთისგან დაშორებას და დასავლეთთან დაკეტილ კარებს მივიღებთ, ხოლო რუსეთში ფართოდ გახსნილ კარებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მთავარ დაკვეთას ეწინააღმდეგება. მარტივია იმის გააზრება, რომ ხელისუფლების ეს ანტიეროვნული, ანტიდასავლური ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას დასანქცირებას უქადის. ის, რომ დღეს დასანქციების შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.
„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დღეს პრორუსული პოლიტიკით ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის გზას საბოტაჟი გაუწიოს. ეს გავლენას კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მოახდენს. მნიშვნელოვანი, გარდაუვალი და აუცილებელი ნაბიჯია მხოლოდ და მხოლოდ ერთი - რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, რაც ამ ქვეყანას დააზღვევს და სანქცირების რისკისგან გადაარჩენს. ამისთვის მოგიწოდებთ დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან მოქალაქეების მიერ დაანონსებულ აქციაზე „უარი რუსეთს პირდაპირ ფრენებზე“ მოხვიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.