2021-22 წლებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფიქსირდება უმუშევრობის დონის შემცირება - წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნია, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 17.3 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შესახებ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია.
„2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 284 000 პირი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც. დასაქმების ზრდის პარალელურად, იზრდება შრომის ბაზარზე აქტიურობის დონეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ეძებდნენ სამსახურს, დღეს უკვე იწყებენ სამუშაოს ძებნას და ამავე დროს, საქმდებიან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და, საბოლოო ჯამში, აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზე“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.