გრიგოლ  რობაქიძის  სახელობის  უნივერსიტეტს  ადამიანის  უფლებათა  ევროპული სასამართლოს  მოსამართლეები სტუმრობდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, ლადო ჭანტურია და ტიმ ეიკე სტუმრობდნენ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებთან მოსამართლეების საჯარო შეხვედრა-დისკუსია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და მართლმსაჯულების სახლის მხარდაჭერით გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის, ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, მათი პროფესორ-მასწავლებლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გარდა ამისა, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტობის ნაწილი ონლაინ ჩაერთო.

„მოსამართლეებმა სტუდენტების წინაშე წარადგინეს ორი საკითხი: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ - უახლესი პრაქტიკა“ და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებმა კონკრეტული საქმეები განიხილეს, სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ის სტანდარტები გააცნეს, რომლითაც ეს ინსტიტუცია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს. საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლადო ჭანტურიას თქმით, ყველა შეკითხვა, რომელიც სტუდენტებმა დასვეს, იყო საქმიანი, კომპეტენტური და საინტერესო, რადგან ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი სამოსამართლო პრაქტიკის შესახებ ღრმა ცოდნას ამჟღავნებდნენ.

„აკადემიურ სივრცეში ასეთი ტიპის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. ევროპული სასამართლოს სამოსამართლო სამართალი ძალიან მდიდარია, საქართველოს მიმართ საინტერესო სამუშაო პრაქტიკა არსებობს, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა მეცნიერთა წრეებში, იურისტებთან, სტუდენტებთან ხელს შეუწყობს ევროპული კონვენციის პოპულარიზაციას, ახალი თაობის იურისტების მომზადებას, ვინაიდან ჩვენი ოჯახი, ჩვენი მომავალი არის ევროპაში.

ფრიად კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით იმიტომ, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც სტუდენტებმა დასვეს, იყო საქმიანი, კომპეტენტური, საინტერესო და ამჟღავნებდნენ ღრმა ცოდნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი სამოსამართლო პრაქტიკის შესახებ“ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო