უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრების 2023 წლის საერთაშორისო ფორუმს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს.
ცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად ENQA-ს მმართველმა საბჭომ მიიღო.
მათი ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელებმა, სააგენტოების თანამშრომლებმა, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის - EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა.
„ENQA-ს წევრების საერთაშორისო ფორუმზე განიხილეს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები. ფორუმს დაესწრო 110 მონაწილე.
2023 წლის 11 მაისს ცენტრმა მიიღო ENQA-ს პრეზიდენტის, დუგლას ბლექსტოკის ოფიციალური მადლობის წერილი, რომლითაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და მის თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. წერილში აღნიშნულია, რომ ფორუმი, როგორც ლოგისტიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით, შესანიშნავად იყო დაგეგმილი და ჩატარებული. პერსონალურად ENQA-ს პრეზიდენტი და ფორუმის თითოეული მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით. მადლობის წერილში ასევე აღნიშნულია ცენტრის თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაცია ENQA-ს სამდივნოსთან და ფორუმის მონაწილეებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019 წლის 25 აპრილს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 წლის ვადით მიენიჭა ENQA-ს სრული წევრის სტატუსი.
ENQA-ს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში არსებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტადნარტები და პროცედურები, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015).
ENQA-ს სრული წევრის სტატუსის ქონა ცენტრისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამების ფასდებიან იმ სტანდარტებით, პროცედურებითა და მიდგომებით, რომლითაც გადიან შეფასებას ევროპაში მოქმედი უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.